თბილისმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების ახალი წინადადებები შეიმუშავა

ქართულმა მხარემ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის სრულმასშტაბიანი პოლიტიკური მოწესრიგების მიზნით ახალი წინადადებები შეიმუშავა, რომელიც კონფლიქტის მოგვარებაში ჩართულ მხარეებს უკვე გადაეცა.


ეს და სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებული სხვა აქტუალური საკითხები განიხილეს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძემ და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა ბორის ჩოჩიევმა 6 მარტს ცხინვალში გამართულ შეხვედრაზე.


კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ახალი ინიციატივა ემყარება ქართული მხარის მიერ ადრე შემუშავებულ სამშვიდობო გეგმას და შეიცავს კონკრეტულ წინადადებებს, რომელიც ქართული მხარის მოსაზრებით მისაღები უნდა იყოს ცხინვალისთვის. 


ეს წინადადებები  20-23 მარტს სტამბოლში დაგეგმილ შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) თანათავმჯდომარეების არაფორმალურ შეხვედრაზე განხილვის და მოწონების შემთხვევაში გახდება საჯარო. 


”ქართული მხარე იმედოვნებს, რომ აღნიშნული წინადადებები განხილული იქნება კონსტრუქციულ ჭრილში და ისინი დადებით იმპულსს შესძენენ სამშვიდობო პროცესს”, – ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version