დაპატიმრებული ქართველი აქტივისტები აფხაზურ პრესას ინტერვიუს აძლევენ

აფხაზი მილიციელების მიერ 1 მარტს დაპატიმრებულმა სამმა ქართველმა აქტივისტმა სოხუმში აფხაზ და რუს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისინი გალის რაიონში იმ მიზნით გააგზავნეს, რომ დაერწმუნებინათ ადგილობრივი ქართული მოსახლეობა არ მიეღოთ მონაწილეობა 4 მარტს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში, იტყობინება ”აფსნიპრესი”.


პრესკონფერენციის ვიდეოჩანაწერი აფხაზურმა ტელევიზიამ გადასცა. ქართულმა ტელეკომპანიებმა ამ ჩანაწერის ნაწილი 3 მარტს აჩვენეს.


გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის ივერ ყორშია, 20 წლის ლევან გოჩავა და ამავე ასაკის კობა რიგვავა ზუგდიდის რაიონის მკვიდრნი არიან. აფხაზმა სამართალდამცავებმა ისინი 1 მარტს დააკავეს და ”სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში” დასდეს ბრალი.


სამივე ახალგაზრდამ ასევე განაცხადა, რომ ისინი საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალი თაობა ერთიანი საქართველოსთვის” წევრები არიან. ორგანიზაცია ზუგდიდშია დაფუძნებული.


მათი თქმით, მათი მიზანი იყო გალის რაიონში შესვლა და შემდეგ იქიდან ისევ შამგონაში დაბრუნება, თითქოს ისინი გალის რაიონის მკვიდრნი იყვნენ. შამგონაში ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრა იგეგმებოდა, სადაც აქტივისტებს უნდა ესაუბრათ გალში ადგილობრივი ქართული მოსახლეობის დევნის შესახებ.  


თუმცა, ეს სცენარი აფხაზმა სამართალდამცავებმა ჩაშალეს, რომელთაც მაშინ დაიჭირეს სამი ქართველი აქტივისტი, როდესაც ისინი სოფელ შამგონადან გალის რაიონში შეღწევას ცდილობდნენ, იტყობინება ”აფსნიპრესი”.


დაპატიმრებას ნახევარსაათიანი სროლა მოყვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებსა და აფხაზ მილიციელებს შორის. ეს ინციდენტი საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და ტელეკომპანია ”იმედმა” გააშუქეს, რომელთა ჟურნალისტებიც სროლის დროს შამგონაში იმყოფებოდნენ.  


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლების ინფორმაციით, ინციდენტამდე ჟურნალისტების შამგონაში ყოფნის მიზეზი გალის ქართველ აქტივისტებთან შეხვედრის სურვილი იყო.


2 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაგმო სამი ქართველის დაპატიმრების ფაქტი და მათი დაუყონებლივ გათავისუფლება მოითხოვა.


2 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ”ადგილობრივი ქართველი და აფხაზი ეროვნების ახალგაზრდების ჯგუფი” 1 მარტს სოფელ შამგონაში საპროტესტო აქციას მართავდა, ”რომლებიც საჯაროდ გამოთქვამდნენ თავის აზრს 4 მარტს დანიშნული ე.წ საპარლამენტო არჩევნებისა და სეპარატისტული რეჟიმის ძალადობრივი პოლიტიკის შესახებ”. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე დაადანაშაულა აფხაზური მხარე აქციის მონაწილეთა მისამართით ცეცხლის გახსნაში.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version