ნატო-საქართველოს ინტენსიური დიალოგის ფორმატში კონსულტაციები გაიმართა

1 თებერვალს ნატო-ს შტაბ-ბინაში საქართველოსთან ინტენსიური დიალოგის ფორმატში გაიმართა კონსულტაციები თავდაცვის პოლიტიკის და სამხედრო საკითხებზე, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინიტრო.


შეხვედრაზე ალიანსის მხარეს ხელმძღვანელობდა გენერალური მდივნის მოადგილე თავდაცვის დაგეგმვისა და პოლიტიკის საკითხებში ჯონ კოლსტონი. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი რობერტ სიმონსი, თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის სამმართველოს წარმომადგენელი ბრიუს ბახი, პოლიტიკური საქმეებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამმართველოს წარმომადგენელი, საქართველოს საკითხებზე კოორდინატორი ჯეიმს მაკი.


საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ლევან ნიკოლეიშვილი და ბათუ ქუთელია.


მხარეებმა განიხილეს ნატო-ში გაწევრიანების აუცილებელი მოთხოვნები, საქართველოს თავდაცვის სფეროში არსებული მდგომარეობა, მათ შორის თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა (SDR), რესურსების მართვა, თავდაცვის დაგეგმვა, შესყიდვები, ბიუჯეტი და საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობა.


თავდაცვის უწყების ცნობით, ნატოს მხარემ საქართველოს მიერ თავდაცვის სფეროში მიღწეულ პროგრესს გაუსვა ხაზი.


ინტენსიური დიალოგის ფორმატში ნატო-საქართველოს შორის კონსულტაციების მეორე თემატური რაუნდი პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე 22 მარტს გაიმართება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version