სოხუმი აფხაზეთში ქათმის გრიპის ვირუსის არსებობას უარყოფს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის ვეტერინარულმა სამსახურმა უარყო ქართული მედიით გავრცელებული ინფორმაცია აფხაზეთში ფრინველის გრიპის ვირუსის არსებობის შესახებ, იუწყება ”აფსნიპრესი” 1 თებერვალს.


31 იანვარს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა განაცხადა, რომ მოიპოვა ”ექსკლუზიური მასალა” აფხაზეთის ტერიტორიაზე, კერძოდ გუდაუთაში ქათმის გრიპის არსებობის შესახებ.  ”კურიერში” გასულ სიუჟეტში ნაჩვენები იყო ზღვის სანაპიროზე დაყრილი მკვდარი ფრინველები და ასევე ნიღბიან პირებთან ჩაწერილი ინტერვიუები. ჟურნალისტის განცხადებით, რესპოდენტები იყვნენ აფხაზეთის მაცხოვრებლები, რომლებმაც ინკოგნიტოდ დარჩენა არჩიეს. მათ განაცხადეს, რომ აფხაზეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე ერთი კვირის განმავლობაში ცდილობენ ფრინველის გრიპის შესახებ ინფორმაციის დამალვას.


”ჩვენ არ გაგვაჩნია ოფიციალური ინფორმაცია, რომ H5N1 ტიპის ვირუსი იქნა აღმოჩენილი აფხაზეთში. თუმცა, აფხაზურ მხარეს მაინც შევთავაზეთ დახმარება”, – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა 1 თებერვალს.


დე ფაქტო ვეტერინარული სამსახურის განცხადებით, ყველა ზომაა მიღებული ფრინველის გრიპის პრევენციის მიზნით.


”რაც შეეხება ქართულ-აფხაზურ [ადმინისტრაციულ] საზღვარს, ჯერ კიდევ გასული წლიდან აიკრძალა ფრინველების და ფრინველის პროდუქციის შემოტანა, მაშინ როცა საქართველოში ფრინველის გრიპის ვირუსის აფეთქება დაფიქსირდა”, – ნათქვამია ”აფსნიპრესის” ინფორმაციაში.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version