თბილისი მზად არის სოხუმთან მოლაპარაკებებისთვის ”წინაპირობის გარეშე”

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 31 იანვარს განაცხადა, რომ ქართული მზად არის აფხაზურ მხარესთან ”ყოველგვარი წინაპირობის გარეშე” მოლაპარაკებები დაიწყოს.


”რაც ახლა გვჭირდება არის ის, რომ დავიწყოთ მიზანმიმართული მოლაპარაკებები”, – განუცხადა ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებს 31 იანვარს.


აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა მზადყოფნა გამოხატა პირდაპირი მოლაპარაკებები გამართოს საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, თუ ქართული მხარე მზად იქნება ნდობის აღდგენის ღონისძიებებისთვის და შეასრულებს ”უკვე მიღწეულ შეთანხმებებს”.


საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძემ 31 იანვარს განაცხადა, რომ თბილისი ”ყოველთვის მზად არის მოლაპარაკებებისთვის”, თუმცა იქვე დასძინა, რომ მაღალი დონის შეხვედრას წინასწარ მომზადება სჭირდება.


”ვფიქრობ, ჩვენ [ქართული და აფხაზური მხარეები] უნდა შევხვდეთ და მოვამზადოთ ეს შეხვედრა”, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.


წინადადება აფხაზურ და ქართულ მხარეებს შორის მაღალი დონის შეხვედრის თაობაზე პირველად 2005 წელს გაისმა. ბაღაფშის და სააკაშვილის ეს შესაძლო შეხვედრა ცეცხლის განუახლებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერით უნდა დასრულებულიყო. თავიანთ საჯარო განცხადებებში ბაღაფშმა და სააკაშვილმა ხაზი გაუსვეს, რომ მზად იყვნენ მაღალი დონის შეხვედრისთვის, თუმცა მას შემდეგ ამ წინადადების განსახორციელებლად ცოტა რამ გაკეთდა.


ამჟამად, შეჩერებულია მოლაპარაკებები ცეცხლის განუახლებლობის შესახებ შეთანხმებაზე. თავდაპირველად აფხაზური მხარე მზად იყო შეთანხმებაზე ხელი მოეწერა, თუმცა უარი განაცხადა მას შემდეგ, რაც ქართული მხარე დოკუმენტში რიგი ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოვიდა, რომლებიც მიუღებელი აღმოჩნდა სოხუმისთვის. 


ერთ-ერთ მთავარი წინააღმდეგობა დოკუმენტის გარშემო უკავშირდება კონფლიქტის ზონაში დსთ-ს ეგიდით განთავსებული რუსი სამშვიდობოების როლს. თბილისი სამშვიდობო ოპერაციის ინტერნაციონალიზაციის ინიციატივით გამოდის. 


ქართული მხარე ასევე თავს იკავებს ხელი მოაწეროს ანალოგიურ დოკუმენტს სამხრეთ ოსეთის მხარესთან. პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2006 წლის სექტემბერში ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას ნათლად მიანიშნა, რომ საქართველო მას შემდეგ მოაწერს ხელს ამგვარ შეთანხმებას, როდესაც მოხდება სამხრეთ ოსეთში არსებული რუსული სამშვიდობო ოპერაციის ჩანაცვლება საერთაშორისო ძალებით.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version