საპატრიარქო ახალ ტელეარხს ხსნის

საპატრიარქოს ინიციატივით უახლოეს პერიოდში ახალი ტელეკომპანია, პირობითი სახელწოდებით “ქართული საერთაშორისო ტელეარხი“ დაიწყებს მაუწყებლობას ტელეკომპანია “ევრიკას“ სიხშირეზე, რომელიც იქნება აპოლიტიკური და ძირითადად ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაზე ორიენტირებული.


დღეს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია II-მ და ტელეკომპანია “ევრიკას“ სიხშირის მფლობელმა ფრიდონ ინჯიამ, რომელსაც შევარდნაძის მთავრობაში კავშირგაბმულობის მინისტრის პოსტი ეკავა, შესაბამის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. 


“ეროვნულ–დემოკრატიულმა პარტიამ“ (ედპ) კი ტელევიზიას
პარტიის სათაო ოფისი დაუთმო, რომელიც რუსთაველის გამზირზე მდებარეობს.


“ეს არ იქნება პოლიტიკური ტელეარხი. ეს იქნება სუფთა ეროვნული, ზნეობრივი, აღმზრდელობითი არხი. აქ იქნება ყურადღება მიქცეული სულიერ და ეროვნულ ფასეულობებზე, რაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნისათვის და ჩვენი მომავლისთვის“, – განაცხადა სურლიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია II-მ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ.


ტელევიზიას საწყის ეტაპზე, საზოგადოებრივი მოძრაობა “ნაციონალური ლობის“ დამფუძნებელი, საპატრიარქოს ყოფილი საპარლამენტო მდივანი გიორგი ანდრიაძე უხელმძღვანელებს. 

ანდრიაძემ  “სივილ ჯორჯიას” განუცხადა, რომ ტელევიზიით გავა “არარელიგიური, არაპოლიტიკური, არა საინფორმაციო გადაცემები”.


ტელევიზიის გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას წმნიდა სინოდმა მხარი 2006 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე დაუჭირა. აქამდე ფუნქციონირებდა საპატრიარქოს რადიო “ივერია” და გაზეთი “საპატრიარქოს უწყებანი“.


ამჟამად “ევრიკას“ სიხშირეზე ტელეკომპანია “მაესტრო“ მაუწყებლობს,
რომელსაც უახლოეს პერიოდში ეწურება ხელშეკრულების ვადა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version