პუტინი: კოსოვო შეიძლება დსთ–ს კონფლიქტებისთვის პრეცედენტი გახდეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კოსოვოს პრობლემა უნივერსალური ხასიათისაა და შეიძლება გახდეს პრეცედენტი დსთ–ს სივრცეში არსებული ანალოგიური კონფლიქტების მოგვარებისთვის.


ეს განცხადება პუტინმა 21 იანვარს სოჭში გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.


“მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი საერთაშორისო ურთიერთობების პრობლემა  საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტალური პრინციპების უგულვებელყოფაა. დიდი სურვილია გარკვეული საკითხების და გარკვეული პრობლემების მოგვარებისა არსებული პოლიტიკური პასუხისმგებლობის საფუძველზე. და ეს ძალიან საშიშია. ამას მივყავართ სიტუაციამდე, რომელშიც პატარა სახელმწიფოები თავს დაუცველად გრძნობენ”, – განაცხადა პუტინმა.


“ბუნებრივია, თუ კოსოვოში პრობლემას გარკვეული გზით მოვაგვარებთ, ეს მიდგომა, ეს მოგვარება უნივერსალური უნდა გახდეს ანალოგიური სიტუაციებისთვის. თუ ჩვენ გვერდს ვუვლით სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და ვამბობთ: “ნუ რა ვქნათ, ასე მოხდა“ და საერთაშორისო საზოგადოებას არაფრის გაკეთება უნდა იმისთვის, რომ აღადგინოს სერბეთის ტერიტორიული მთლიანობა, მაშინ სხვა ერებსაც აქვთ უფლება თქვან: “ჩვენ ამავე მიდგომას გავიზიარებთ“.


“ეს ეხება არა მარტო პოსტ-საბჭოთა სივრცეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ყველაზე კარგად შესადარებელი სიტუაცია. იქ იყო იუგოსლავიის დაშლა, აქ იყო საბჭოთა კავშირის დაშლა. განსხვავება არ არსებობს. მაგრამ, ეს სხვა სახელმწიფოებსაც უნდა შეეხოს. ეს ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოსაც უნდა შეეხოს. არ გაგიგიათ ევროპულ სახელმწიფოებში სეპარატიზმის პრობლემის შესახებ? ეს პრობლემა არსებობს. არავინ არის დაინტერესებული საერთაშორისო სტაბილურობის საძირკვლის შერყევაში. და მე ვფიქრობ, რომ შედეგები სავალო იქნება, თუ ჩვენ ამ გზას ავირჩევთ. ეს უზარმაზარი ცდუნებაა, როგორც ეს იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ – სამი ან ოთხი ადამიანი ხელში კალმებით იყოფდნენ ევროპას და მთელ მსოფლიოს. ახლა, ცივი ომის გამარჯვებულებს, რომლებიც გრძნობენ თავიანთ უდანაშაულობას და სიძლიერეს, სურთ ხელახლა გადაანაწილონ ყველაფერი თავიანთი სურვილისამებრ. ცდუნება უზარმაზარია. ძალიან რთულია შედეგების პროგნოზირება. გთავაზობთ, რომ ერთად ვიფიქროთ ამაზე. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის”, – განაცხადა პუტინმა.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version