გაეროს დამკვირვებელთა მისია აფხაზ მილიციელებზე თავდასხმის ფაქტებს გმობს

ბოლო დღეებში აფხაზ მილიციელებზე თავდასხმების ძალადობრივი აქტები “დიდ ზიანს აყენებს“  ქართული და აფხაზური მხარეების ინტერესებს, აცხადებს 28 დეკემბერს გაეროს დამკვირვებელთა მისია საქართველოში.


25 დეკემბერს გალის რაიონის მილიციის უფროსის მოადგილე ოთარ ტურნანბა სოფელ ჭუბურხინჯში მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა. აფეთქებამ მასთან ერთად მანქანაში მჯდომი კიდევ ერთი მილიციელი იმსხვერპლა.


ამასთან, ალიკ ხიშბა, სოფელ ოტობაიას მილიციის უფროსი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლეს 26 დეკემბერს.


“მისია გმობს ამ და ძალადობის სხვა აქტებს… მისია მოუწოდებს მხარეებს ერთად იმუშაონ პასუხისმგებელი პირების გამოსავლენად და მათი მართლმსაჯულებისათვის გადასაცემად. ისინი ასევე უნდა ჩაებან დიალოგში, რათა თავიდან აიცილონ არსებული ვითარების შემდგომი ესკალაცია“, – აცხადებს გაეროს დამკვირვებელთა მისია.


ამასობაში, 28 დეკემბერს ქართული მედია იტყობინება, რომ აფხაზურმა მხარემ გალის რაიონში დამატებითი ძალები შეიყვანა  უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, რაც სოხუმის განცხადებით, თბილისიდან იყო მართული.


ოპოზიციონერმა დეპუტატმა კონსერვატიული პარტიიდან ზვიად ძიძიგურმა 28 დეკემბერს მოუწოდა ხელისუფლებას “კონკრეტული ზომები მიიღოს“ გალის რაიონში მცხოვრები ქართული მოსახლეობის დასაცავად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version