სააკაშვილი მზად არის კოკოითს შეხვდეს

პრეზიდენტი სააკაშვილი მზად არის პირადად შეხვდეს სამხრეთ ოსეთის ლიდერს ედუარდ კოკოითს ბაკურიანში, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 27 ოქტომბერს ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ვენაში.


“ბაკურიანში ათასობით ოსი ცხოვრობს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე მშვიდად და ჰარმონიულად ცხოვრობდნენ თავიანთ მეზობლებთან ცხინვალის რეგიონის გარეთ – მიუხედავად კონფლიქტისა“, – განაცხადა ნოღაიდელმა.


“ეს ნაბიჯი, ეს ახალი ინიციატივა მიზნად ისახავს დიალოგის დაწყებას, ნდობის აღდგენას და ძლიერი სიგნალის შექმნას იმის თაობაზე, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია“, – დასძინა ნოღაიდელმა.


ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ დე გუხტმა 2 ოქტომბერს თბილისში ვიზიტის დროს ქართულ და ოსურ მხარეებს “მაღალი დონის“ შეხვედრის გამართვისკენ მოუწოდა.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა 27 ოქტომბერს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს განუცხადა, რომ წინაპირობად  შეხვედრის ბაკურიანში გამართვის შემოთავაზება მიუღებელია და შეხვედრის ადგილი განსახილველია.


მან ასევე განაცხადა, რომ უმაღლესი დონის შეხვედრას შედეგად უნდა მოჰყვეს ცეცხლის განუახლებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.


სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა ნათლად მიანიშნა, რომ საქართველო ამ შეთანხმებას მხოლოდ სამშვიდობო ოპერაციის ინტერნაციონალიზაციის შემდეგ მოაწერს ხელს. 
  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version