ნათელაშვილი გიორგაძის მომხრეების დაპატიმრებების გამო პროტესტს აცხადებს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დაგმო იგორ გიორგაძის მომხრეების “მასობრივი დაპატიმრებები“ და განაცხადა, რომ ხელისუფლება “შეუდგა მრავალპარტიული სისტემის ლიკვიდაციას“.

8 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ნათელაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი “ამერიკული და რუსული სპეცსამსახურების დახმარებით“ მოვიდა ხელისუფლებაში და “დღეს მას მოეჩვენა, რომ იგივე გზით შეიძლება ის იქნას ჩამოგდებული“.

ამჟამად გიორგაძის 13 მომხრეა დაკავებული და მათ ხელისუფლების დამხობის ორგანიზებაში ედებათ ბრალი.

“ჩვენ კატეგორიულ პროტესტს ვაცხადებთ მასობრივი დაპატიმრებების გამო და ვთვლით, რომ ეს პიროვნებები ირაკლი ბათიაშვილიდან დაწყებული და მაია ნიკოლაიშვილით დამთავრებული წარმოადგენენ რეჟიმის პოლიტიკურ პატიმრებს. მოვითხოვთ ვაშინგტონისა და ბრიუსელისაგან პასუხი გაგვცენ სადაური დემოკრატიაა ის, რაც საქართველოში შენდება. ამერიკული და რუსული სპეცსამსახურებისაგან მოვითხოვთ გამოაქვეყნონ ფინანსური დოკუმენტაცია, რომლითაც ფინანსდებოდა მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია წლების განმავლობაში. და ასევე მოვითხოვთ უკანონო პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მისი თქმით, სააკაშვილს და მის “ბინძურ ბანადას“ ორი ძირითადი ცენტრი აფინანსებს: ვაშინგტონი და მოსკოვი.

“ვაშინგტონი გასაგებია  – სოროსი და მისი ამალა. რაც შეეხება მოსკოვს, იქაც კარგი მსხვილი მილიარდერები უყოფდნენ სააკაშვილს ულუფას: კახა ბენდუქიძე, ზურაბ წერეთელი, ბიძინა ივანაშვილი და სხვები“, – განაცხადა ლეიბორისტების ლიდერმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version