სოხუმი გალში დამატებითი ძალების შეყვანას უარყოფს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გარი კუპალბამ დღეს უარყო ქართული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გალის რაიონში დამატებითი აფხაზური შეიარაღებული ძალების შეყვანის თაობაზე, იუწყება 11 აგვისტოს „აფსნიპრესი“.


„გალის რაიონის არც დაბალ და არც მაღალ ზონებში აფხაზეთის შეიარაღებული ძალების დამატებითი კონტიგენტი შეყვანილი არ არის“, – განაცხადა გარი კუპალბამ.


მისი თქმით, გალის რაიონში იმყოფებიან სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები, რომელთა რაოდენობა არსებულ შეთანხმებებში გათვალისწინებულ ზღვარს არ აღემატება.  


10 აგვისტოს საქართველოს საგარეო სამქეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში აფხაზური მხარის მიერ დამატებითი შეიარაღებული ძალები შეყვანის შესახებ. 


დღესვე აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ „აფხაზური მხარე თავის სამხედრო ძალებს სადაც საჭიროა იქ განათავსებს“.


„ძალების გაფართოვება იქნება, მანამ იქნება ომის მუქარა ქართული მხრიდან… ქართული მხარე შეთანხმებების სისტემატური დარღვევით აფხაზურ მხარეს აიძულებს მსგავსი ქმედები განახორციელოს, გააძლიეროს თავისი პოზიციები, მათ შორის გალის რაიონში“, – იტყობინება “აფსნიპრესი” შამბას სიტყვებზე დაყრდნობით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version