ზურაბიშვილი კოდორის ოპერაციას მიესალმა

საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ოპოზიციური პარტიის “საქართველოს გზა“ ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა “პოზიტიური ნაბიჯი“ უწოდა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას კოდორის ხეობაში მეამბოხეების წინააღმდეგ ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩატარების თაობაზე.


“მე შემიძლია ეს დადებითად შევაფასო, მაგრამ ახლა ეს ოპერაცია საჭიროებს შესაბამის შეფასებას, რათა გაირკვეს რა სახის ძალა იქნა გამოყენებული, იყო ეს ძალის გადაჭარბებით გამოყენება თუ არა“, – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა 27 ივლისს “რუსთავი 2“–ს მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ სრულად აკონტროლებს კოდორის ხეობას.


ზურაბიშვილი ერთადერთი ოპოზიციონერი ლიდერია, რომელიც მიესალმა ხელისუფლების გადაწყვეტილებას მეამბოხეების წინააღმდეგ ძალოვანების გაგზავნის თაობაზე მაშინ, როცა ოპოზიციურ სპექტრის უმრავლესობამ დაგმო ემზარ კვიციანის ქმედებები, თუმცა მოუწოდა ხელისუფლებას თავი შეეკავებინა ძალის გამოყენებისაგან.


ზურაბიშვილი ასევე მიესალმა მთავრობის გადაწყვეტილებას თბილისში განთავსებული აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა გადაიყვანოს კოდორის ხეობაში. “მე მინდა მივულოცო ხელისუფლებას გადაწყვეტილება, რომ გადაყავს აფხაზეთის ხელისუფლება კოდორის ხეობაში“, – განაცხადა მან.


თუმცა მან ასევე გააფრთხილა ხელისუფლება არ ჩავარდეს “ეიფორიაში, რადგან ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ წლის მთავარი პრიორიტეტი სამხრეთ ოსეთი უნდა იყოს“.

Exit mobile version