კოდორში სიმშვიდეა, ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ კი ურთიერთგამომრიცხავია







აფხაზეთის რუქა (გაერო).
ფართო ფორმატით სანახავად დააკლიკეთ სურათზე.
27 ივლისს ღამით სროლები არ დაფიქსირებულა, რადგანაც გავრცელებული ინფორმაციით, ემზარ კვიციანი სამთავრობო ძალებს ზემო კოდორის ხეობის ტყიან მიდამოებში ჰყავთ მომწვდეული. 

გავრცელებული ინფორმაციით, უშიშროების ძალებმა დღეს დილით სოფლებში ჩხრეკის ოპერაცია განაახლეს. 


ოფიციალურმა პირებმა 27 ივლისს განაცხადეს, რომ ზემო კოდორის უმეტესი ნაწილი ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარება, მხოლოდ პატარა ტერიტორია რჩება, სადაც პოლიციის ძალებს კვლავ წინააღმდეგობა ხვდებათ.


პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა გივი თარგამაძემ 26 ივლისს განაცხადა, რომ საპოლიციო ოპერაცია კოდორის ხეობაში, სავარაუდოდ, 27 ივლისს დასრულდება.


ინფორმაცია დაჭრილთა შესახებ ურთიერთგამომრიცხავია.     


ოფიციალურად, მხოლოდ ორი ოფიცრის დაჭრის ფაქტი დასტურდება, მაშინ როცა მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი თანამშრომელი დაიჭრა. 


27 ივლისს კოდორის ხეობიდან საუბრისას “რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა ნანა ლეჟავამ განაცხადა, რომ მან პოლიციის სამი ოფიცერი ნახა დაჭრილი.
სხვა ინფორმაციის თანახმად, კვიციანის სოლ ცოტა 18 მებრძოლი დაიჭრა. თუმცა, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ კომენტარს კვიციანის მებრძოლთა შორის არსებული მსხვერპლის თაობაზე ისინი მხოლოდ საპოლიციო ოპერაციის დასრულების შემდეგ გაავრცელებენ.


“ხეობის მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი არ არის“, – განაცხადა დეპუტატმა თარგამაძემ.


თუმცა, ემზარ კვიციანის დამ, ნორა კვიციანმა ტელეკომპანია “იმედს“ 27 ივლისს კოდორიდან სატელეფონო საუბრისას აცნობა, რომ ერთი მოხუცი ქალი დაიღუპა მას შემდეგ, რაც პოლიციურმა ძალებმა კვიციანის მშობლიური სოფელი ჩხალთა დაბომბეს.


ნანა ლეჟავას ინფორმაციით, 26 ივლისს სპეცოპერაციაში ჩაერთვნენ ვერტმფრენებიც და მისივე განცხადებით, სოფელ ჩხალთაში “დაბომბილია ემზარ კვიციანის, მისი დის და დისშვილის საცხოვრებელი სახლები“. თუმცა, მისი ინფორმაციით, მსხვერპლს ადგილი არ ჰქონია. 


ლეჟავა ერთადერთი ჟურნალისტია, რომელიც კოდორის ხეობაში 25 ივლისიდან, სპეცოპერაციის დაწყების დღიდან იმყოფება.


ლეჟავას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები კოდორის ხეობის სოფელ გენწვისში იმყოფებიან, სადაც მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა და იარაღის ამოღება.


მისი თქმით, წინააღმდეგობას ადგილი არ აქვს და მოსახლეობა ნებაყოფლობით აბარებს იარაღს. “მოსახლეობა არ იზიარებს ემზარ კვიციანის მოსაზრებას დაუმორჩილებლობის შესახებ“, – განაცხადა ნანა ლეჟავამ და დასძინა, რომ მძიმე სოციალური პირობები მოსახლეობაში მთავარი პრობლემაა.


ეს იყო მისი პირველი ინფორმაცია ხეობაში არსებული სიტუაციის შესახებ, რადგანაც მანამდე კოდორთან სატელეფონო კავშირი გაწყვეტილი იყო.


26 ივლისს ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე საუბრისას ნანა ლეჟავამ განაცხადა, რომ პირველი შეტაკება სოფელ საკენთან მოხდა, სადაც ემზარ კვიციანის მომხრეები იყვნენ განლაგებული. “ადგილი ჰქონდა ორმხრივ სროლებს“, – განაცხადა მან.

Exit mobile version