თბილისი თურქეთ–აფხაზეთის საზღვაო მიმოსვლის დაწყებას განიხილავს

დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი და ანკარა კონსულტაციებს აწარმოებს თვითგამოცხადებულ აფხაზეთთან საზღვაო მიმოსვლის გახსნის თაობაზე.


ეს განცხადება ჩეჩელაშვილმა დღეს საქართველოში თურქეთის ელჩთან ერთან თეზგორთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც 1-2 ივნისს ელჩის სოხუმში ვიზიტი განიხილეს.


აფხაზურმა წყაროებმა ამ ვიზიტის შედეგებზე განაცხადეს, რომ თურქეთმა მზადყოფნა გამოთქვა პირდაპირი საზღვაო მიმოსვლა გახსნას თვითგამოცხადებულ აფხაზეთთან. ვიზიტამდე კი ოფიციალურმა თბილისმა განაცხადა, რომ სასაუბრო თემები შეთანხმებული იყო.


“თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, იქნება მხოლოდ ანკარასა და თბილისის მიერ…. ფართო კონტექსტში. ამის თაობაზე ჩვენ ვაწარმოებთ კონსულტაციას ანკარასთან“, –  განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.


მისი თქმით, ფართო კონტექსში იქნება იმ თვალსაზრისით, რომ აფხაზეთის კონფლიქტის “პოლიტიკური დარეგულირების პროცესი უნდა წავიდეს წინ“.


თავის მხრივ ერთან თეზგორმაც განაცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთთან საზღვაო მიმოსვლის აღდგენა მხოლოდ ქართულ მხარესთან შეთანხმებით მოხდება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version