ოპოზიციას ბოიკოტის შეწყვეტის სანაცვლოდ თანამდებობები შესთავაზეს

გავლენიანმა პარლამენტარმა მმართველი პარტიიდან დავით კირკიტაძემ 23 მაისს განაცხადა, რომ იგი გადადგება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან და ამ პოსტს ოპოზიციონელ დეპუტატებს დაუთმობს, თუ ისინი შეწყვეტენ საპარლამენტო სხდომების ბოიკოტს.


დეპუტატმა კირკიტაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს ოპოზიციური ფრაქციების კანდიდატურას ამ თანამდებობაზე.


პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 23 მაისს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას “კონსტრუქციული დიალოგი“ სურს ოპოზიციასთან და მზად არის “ნდობის ჯგუფში“ ადგილი შესთავაზოს ოპოზიციონერ პარლამენტარებს. ეს ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც ამჟამად ნაციონალური მოძრაობის ოთხი დეპუტატი შედის, საიდუმლო პროექტებზე, ძირითადად თავდაცვის სფეროში, სახსრების განკარგვაზე მონიტორინგს ახორციელებს.   


საპარლამენტო უმრავლესობის წინადადებას უკვე გამოეხმაურა დეპუტატი ოპოზიციური “ახალი მემარჯვენეებიდან“ ფიქრია ჩიხრაძე და მას “არაადექვატური“ უწოდა.


“საპარლამენტო უმრავლესობამ არ უნდა იფიქროს, რომ ჩვენს მოთხოვნებში გაჟღერებულ პრონციპებს საპარლამენტო პოსტებზე გავცვლით“, – განუცხადა ფიქრია ჩიხრაძემ ტელეკომპანია “იმედს“ 23 მაისს. 


საპარლამენტო ოპოზიციამ ბოიკოტი 31 მარტს ვალერი გელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის გამო გამოაცხადა და მოგვიანებით, საკუთარი მოთხოვნები ხელისუფლებისადმი მემორანდუმში ასახა. 7 აპრილს საპარლამენტო ფრაქციებმა  – ახალი მემარჯვენეები, მრეწველები და დემოკრატიული ფრონტი, ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს და განაცხადეს, რომ მათი ბოიკოტი მანამდე გაგრძელდებოდა, სანამ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს.


ოპოზიციის მთავარი მოთხოვნებია საარჩევნო კოდექსში დემოკრატიული ცვილილებების შეტანა, ქალაქების მერებისა და რაიონების გამგებლების პირდაპირ არჩევნები და შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადაყენება. მრეწველთა ფრაქციამ დაამატა მოთხოვნა ბიზნესგარემოს და საგადასახადო კოდექსის გაუმჯობესების თაობაზე. 16 მაისს დემოკრატიული ფრონტის მიერ გაკეთებულ განცხადებაში მოთხოვნა შს მინისტრის გადადგომის თაობაზე არ არის დაყენებული. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version