კოფი ანანი გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატის გაგრძელების ინიციატივით გამოდის

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა 24 მარტს მოუწოდა უშიშროების საბჭოს ექვსი თვით, 2006 წლის 30 სექტემბრამდე გააგრძელოს საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატი, იტყობინება გაეროს პრეს-სამსახური.


თავის მოხსენებაში გაეროს უშიშროების საბჭოსადმი, კოფი ანანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა უნდა იმოქმედონ ჟენევაში გაეროს ეგიდით თებერვალში გამართული შეხვედრის შედეგების შესაბამისად, რაც სხვა ღონისძიებებთან ერთად ნდობის აღდგენის საკითხსაც ითვალისწინებს.


“მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა შეასრულონ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ჟენევის შეხვედრაზე იქნა მიღწეული, კერძოდ ცეცხლის განუახლებლობისა და დევნილთა დაბრუნების შესახებ დოკუმენტების შემუშავების დასრულება“, – განაცხადა კოფი ანანმა.


“გარდა ამისა, უმაღლეს ლიდერებს შორის შეხვედრა ნდობის აღდგენისკენ მიმართული მთავარი და მისასალმებელი ნაბიჯი იქნება“, – დასძინა ანანმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version