რუსულმა მხარემ ბაზებიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანის გრაფიკი წარმოადგინა

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მამუკა კუდავამ 17 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ 2006 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიიდან მძიმე ტექნიკის გაყვანის გრაფიკი წარმოადგინა.


მისი თქმით, საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის პროცესი გრძელდება, მიუხედევად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის ხელმოწერილი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის “საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზებისა და ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების სხვა სამხედრო ობიექტების დროებითი ფუნქციონირების ვადების, წესისა და გაყვანის შესახებ“ შეთანხმება, რომლის შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები რუსეთის ფედერაციაში უახლოეს მომავალში დამთავრდება. 


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გრაფიკში მოცემულია გასაყვანი ტექნიკის რაოდენობა და იმ დიდი სადესანტო ხომალდების საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსვლის განრიგი, რომელთა მეშვეობითაც განხორციელდება მძიმე ტექნიკის გაყვანა 12 მაისიდან 18 აგვისტოს ჩათვლით. საზღვაო გზით რუსეთში გაყვანილი იქნება 358 ერთეული შეიარაღება და ტექნიკა, მათ შორის 113 ერთეული ტანკი და ჯავშანტექნიკა.


სომხეთში, გიუმრში რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზაზე გაყვანილ იქნება 369 ერთეული შეიარაღება და ტექნიკა, მათ შორის 35 ერთეული ტანკი და ჯავშანტექნიკა.


გეგმის მიხედვით 2006 წლის დასასრულისათვის ახალქალაქის სამხედრო ბაზიდან მთლიანად უნდა იქნას გაყვანილი რუსეთის ფედერაციის კუთვნილი მძიმე ტექნიკა.


თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქართული მხარე შემხვედრ ნაბიჯებს დგამს, რათა ხელი შეუწყოს რუსულ მხარეს საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო ბაზებისა და სხვა სამხედრო ობიექტების გაყვანაში.


კერძოდ, გადაწყვეტილია რუსი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების საქართველოს ვიზებით უზრუნველყოფის საკითხი,ასევე ქართული მხარე მზად არის გამოუყოს რუსულ მხარეს გარკვეული რაოდენობის მძიმე ტექნიკის გადასაზიდი საავტომობილო ტრანსპორტი, ახალქალაქის სამხედრო ბაზიდან მძიმე ტექნიკის რკინიგზით გადაზიდვისთვის წალკაში რუსული მხარის თხოვნით აშენდა სატვირთო ბაქანი.


თავდაცვის სამინისტრო ასევე იმედს გამოთქვამს, რომ “ინტენსიურად გაგრძელდება რფ-ის სამხედრო ბაზების შემადგელობაში არშემავალი ობიექტების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გადმოცემის პროცესი“.

Exit mobile version