პარლამენტმა სამშვიდობოებზე დადგენილება ერთსულოვნად მიიღო

საქართველოს პარლამენტმა 15 თებერვალს ერთხმად, 179 ხმით, მიიღო დადგენილება , რომელიც ავალებს მთავრობას “გადახედოს 1992 წლის 24 ივნისის სოჭის შეთანხმებას” და უზრუნველყოს სამხრეთ ოსეთში არსებული “რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების” ჩანაცვლება “ეფექტური საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციით“. შერეული სამშვიდობო ძალები სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 1992 წელს სოჭის შეთანხმების საფუძველზე განლაგდნენ.


“ორმაგი ინტერპრეტაცია“


ოპოზიციონერი პარლამენტარები შიშობენ, რომ მიღებული დადგენილება ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და 11 ოქტომბრის დადგენილების მტკიცე პოზიციიდან უკან გადადგმული ნაბიჯია.


მიუხედავად ამისა, ოპოზიციამ მხარი დაუჭირა დოკუმენტს, “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მნიშვნელოვან საკითხზე ყველა პოლიტიკური ძალის ერთობის დემონსტრირება მოვახდინოთ“, – განაცხადა “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ.


15 თებერვლის დადგენილება რუსეთის ქმედებებს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში “საქართველოს ამ რეგიონის ანექსიის პერმანენტულ მცდელობად“ აფასებს.


დადგენილების მეორე მუხლი ავალებს საქართველოს მთავრობას “აამოქმედოს პროცედურები “ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილი ვითარებისა და სამშვიდობო ოპერაციების მიმდინარეობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 ოქტომბრის # 1912–IIს დადგენილების მე–4 და მე–6 მუხლებით განსაზღვრული დავალებების შესრულების, მათ შორის, სოჭის 1992 წლის 24 ივნისის შეთანხმების გადახედვის, აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში გალაგებული რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების ეფექტური საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციით ჩანაცვლების მიზნით”.


ეს მუხლი საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დებატებში უთანხმოების მთავარი წყარო გახდა.


პარლამენტის 11 ოქტომბრის დადგენილების მე–4 პუნქტში ნათქვამია: “საქართველოს პარლამენტი … პროცესის უარყოფითად შეფასებისა და პროგრესის არარსებობის შემთხვევაში მოითხოვს 2006 წლის 15 თებერვლიდან ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტას, აგრეთვე შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებების და არსებული სტრუქტურების გაუქმებას”. მთავრობამ სამშვიდობო პროცესის შესახებ მოხსენება პარლამენტში 13 თებერვალს გააკეთა და ეს პროცესი უარყოფითად შეაფასა.


ოპოზიციონერი პარლამენტარების განცხადებით, 15 თებერვლის დადგენილების ბოლო წინადადება, რომელიც ავალებს მთავრობას გადახედოს 1992 წლის სოჭის შეთანხმებას, შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს 11 ოქტომბრის დადგენილებასთან.


“ახალი დადგენილების ტექსტი აკნინებს 11 ოქტომბრის დადგენილებას, რადგანაც ამ უკანასკნელში საუბარი იყო გაუქმებაზე, ახალში კი გადახედვაზეა საუბარი [1992 წლის შეთანხმების]. ეს ნიშნავს, რომ [ახალი დადგენილებით] ჩვენ ვახანგრძლივებთ რუსი სამშვიდობოების ყოფნას სამხრეთ ოსეთში“, – განაცხადა დეპუტატმა ივლიანე ხაინდრავამ “რესპუბლიკური პარტიიდან“ განხილვის დროს.


დეპუტატი ფიქრია ჩიხრაძე “ახალი მემარჯვენეებიდან“ დაეთანხმა, რომ “უფრო ნათელი ფორმულირებაა საჭირო, რათა ჩანაწერის ბუნდოვანება სამშვიდობოების გაყვანის დროში გაწელვის საბაბად არ იქცეს”.  

“[სოჭის შეთანხმების] გაუქმების მოთხოვნა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მხოლოდ ეს გზა იძლევა საშუალებას სამშვიდობოებს საქართველოში ყოფნის იურიდიული საფუძველი აღარ ჰქონდეთ”, – განაცხადა “კონსერვატორმა” კობა დავითაშვილმა.


“ნათელია, რომ ამ დადგენილებას რუსეთი შეაფასებს, როგორც ძალიან მკაცრს, რადგანაც ჩვენ ვსაუბრობთ “ანექსიის პერმანენტულ მცდელობებზე“. მაგრამ, მე ასევე ვშიშობ, რომ ამ დადგენილების ინტერპრეტაციას რუსეთი შემდეგნაირად მოახდენს: რუსი სამშვიდობოები უნდა დარჩნენ რეგიონში მანამ, სანამ შესაბამისი საერთაშორისო შემცვლელი არ მოიძებნება, რადგანაც დადგენილება ასევე ავალებს მთავრობას უზრუნველყოს რუსი სამშვიდობოების ჩანაცვლება საერთაშორისო ოპერაციით. თუ რუსეთს მივცემთ შესაძლებლობას ჯარი დატოვოს [კონფლიქტის ზონაში], ის ყველანაირად ეცდება, რომ შეაფერხოს ჩანაცვლების პროცესი და გაიხანგრძლივოს აქ ყოფნა. ამრიგად, უკეთესია პირდაპირ დაიწეროს 1992 წლის სოჭის შეთანხმების “შეწყვეტა“, ვიდრე გადახედვა“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.


მთავრობის/საპარლამენტო უმრავლესობის არგუმენტები


როგორც მთავრობა, ისე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, რომელთაც ეს ახალი დადგენილება შეიმუშავეს, ამართლებდნენ დოკუმენტის შემოთავაზებულ დებულებებს იმით, რომ მეტი შანსი უნდა მიეცეს მოლაპარაკებების პროცესს.


“ჩვენ გვინდა ამ [დიპლომატიის] გზაზე მაქსიმალურად ამოვწუროთ ყველა შესაძლებლობები”, – განაცხადა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ.

დადგენილების პროექტი პარლამენტში დეპუტატმა გივი თარგამაძემ წარადგინა.


მისი თქმით, გადაწყვეტილება ორივე დებულების შეტანის თაობაზე – ერთი ეხება 11 ოქტომბრის დადგენილებას, ხოლო მეორე ავალებს მთავრობას გადახედოს სოჭის შეთანხმებას – განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ხელისუფლებას “უფრო მეტი სივრცე ექნება მანევრირებისთვის“.


“მიუხედავად სოჭის შეთანხმების ბევრი ნეგატიული მხარისა, ის მაინც შეიცავს რამდენიმე პოზიტიურ მომენტს ქართული მხარისთვის, რაც სრულად უნდა იქნას გამოყენებული. მინდა გაცნობოთ, რომ შეთანხმების გაუქმების პროცესს უფრო მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე გადახედვის პროცესს. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ პროცესები ჩვენს სასარგებლოდ არ ვითარდება და ამ პერიოდმა არ გაამართლა, ჩვენ გადავხედავთ ამ პოზიციას და ახალ მითითებებს მივცემთ მთავრობას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ დადგენილების ტექსტში შეგვეტანა “გადახედვა“ და არა “გაუქმება“, – განაცხადა თარგამაძემ.


მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა პირობებს ასრულებს. “ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ეს დადგენილება შესრულდება”, – განაცხადა თარგამაძემ.

საპარლამენტო დებატებს ასევე დაესწრო საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდარავა. მან ასევე დაუჭირა მხარი უმრავლესობის პოზიციას.


“გასულ წლებში [შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში] ხელმოწერილი შეთანხმებები და ოქმები ჩვენთვის საკმაოდ ხელსაყრელია. მაგალითად, 1996 წლის მოსკოვის მემორანდუმში ნათქვამია, რომ სამშვიდობოებმა უნდა დაიწყონ თავიანთი მოვალეობების გადაცემა ადგილობრივ ქართველ და ოს სამართალდამცავებზე. ეს არის ოთხმხრივი შეთანხმება და ეს შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენს ინტერესებში შედის. მინდა ვთქვა, რომ ეს არის შესაძლებლობა შევცვალოთ სამხედრო კომპონენტი პოლიციური კომპონენტით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს. თუ ჩვენ შევწყვეტთ ყველა შეთანხმებას, ჩვენ ვეღარ გამოვიყენებთ იმ პოზიტიურ ასპექტებს, რომლებიც ამ შეთანხმებებში არსებობს“, – დასძინა ხაინდრავამ.


მისი თქმით, იგი აპირებს ამ მემორანდუმის განხორციელების საკითხი 20-21 თებერვალს ვენაში დაგეგმილ შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე დააყენოს.

პარლამენტარები მმართველი პარტიიდან შეეცადნენ გაებათილებინათ  ოპოზიციის შიშები იმის თაობაზე, რომ დადგენილება საშუალებას მისცემს რუს სამშვიდობოებს ლეგალურად დარჩნენ კონფლიქტის ზონაში მანამ, სანამ არ მოხდება მათი ახალი საერთაშორისო მანდატით ჩანაცვლება.


“დოკუმენტი არ ნიშნავს, რომ ისინი [სამშვიდობოები] მანამ დარჩებიან, სანამ შემცვლელი არ მოიძებნება“, – განაცხადა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ.


მისი თქმით, არსებული სამშვიდობო ოპერაციის საერთაშორისო ოპერაციით ჩანაცვლებაზე ფიქრით, თბილისი ცდილობს წინ აღუდგეს რუსეთის მხრიდან წამოწყებულ კამპანიას, რომლის მიზანიცაა წარმოაჩინოს საქართველო, როგორც  სამხეთ ოსეთის კონფლიქტის ძალისმიერი მოგვარების მსურველი. 


“ეს [რუსი სამშვიდობოების ჩანაცვლება საერთაშორისო ჯარებით] ადვილი არ არის, მაგრამ ყველამ უნდა გაიგოს, რომ ჩვენ გვინდა ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით“, – დასძინა ბოკერიამ.


საპარლამენტო დებატების დროს უკრაინა, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და ლატვია დასახელდნენ, როგორც საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციის პოტენციური მონაწილე  ქვეყნები. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მოუწოდა კოლეგებს, რომ არ გაემახვილებინათ ყურადღება ამ საკითხზე, რადგან “შესაძლოა მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთანაც მიმდინარეობდეს“.


პარლამენტის დადგენილებები, მათ შორის 15 თებერვალს მიღებული დადგენილება, სავალდებულოა მთავრობისთვის და მისი შეუსრულებლობა, შესაძლოა, მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების საფუძველი გახდეს.


“ეს [დადგენილება კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოების შესახებ] არის ჩვეულებრივი ნორმატიული აქტი და მთავრობა ვალდებულია იმოქმედოს დადგენილების შესაბამისად“, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა 14 თებერვალს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version