თბილისი უარყოფს დამატებითი ძალების გაგზავნას ცხინვალის რეგიონში

რუსული და სამხრეთ ოსური მხარეების განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მდებარე ქართულ სოფელ ერედვში 250-კაციანი შენაერთი განალაგა. თუმცა, თბილისმა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და მას “დეზინფორმაცია“ უწოდა.


“ოთხშაბათს საღამოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 250 სამხედრო მოსამსახურე სოფელ ერედვში განათავსა, რომელიც უსაფრთხოების ზონაში მდებარეობს. ეს არის [ცეცხლი შეწყვეტის შესახებ] 1992 წლის შეთანხმების დარღვევა“, – იტყობინება “ინტერფაქსი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ვიაჩესლავ სედოვის სიტყვებზე დაყრდნობით.


“დაახლოებით 250-მდე ქართველი სამხედრო შემოიყვანეს სოფელ ერედვში 10 “კამაზის“ ტიპის ავტომობილებით“, – იტყობინება “რია ნოვოსტი“ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლის ირინა გაგლოევას სიტყვებზე დაყრდნობით.


თუმცა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ უარყო ეს ინფორმაცია.


“ეს არის დეზინფორმაცია. იქ ქართული ძალების გაგზავნა არ განხორციელებულა“, – განუცხადა ხაინდრავამ “რია ნოვოსტის“. მან იქვე დასძინა, რომ მისი წარმომადგენლები ესტუმრნენ სოფელს და იქ ქართველი სამხედროები ვერ ნახეს.    

Exit mobile version