პარლამენტი სამშვიდობოთა წინააღმდეგ რეზოლუციას “მაქსიმალურად იცავს“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 7 თებერვალს განაცხადა, რომ პარლამენტარებსა და მთავრობის წევრებს შორის დამატებითი კონსულტაციების გამართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების საქმიანობის საკითხს 15 თებერვალს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე განიხილავს.
 
მან ეს განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომის შემდეგ გააკეთა, სადაც პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა და სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ დეპუტატებს სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო პროცესის თაობაზე მიაწოდეს ინფორმაცია. 
 
“სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ მოგვაწოდა პრემიერ-მინისტრმა და სახელმწიფო მინისტრმა, სახეზეა არა თუ პროგრესი [კონფლიქტის ზონაში], არამედ რეგრესი… აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს პარლამენტმა მაქსიმულად უნდა დაიცვას პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება [11 ოქტომბერს]“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ პრესკონფერენციაზე.
 
პარლამენტის ამ დადგენილების თანახმად, მთავრობამ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო  პროცესის შესახებ ინფორმაცია პარლამენტს 10 თებერვლამდე უნდა მიაწოდოს. თუ პარლამენტი გადაწყვეტს, რომ პროგრესი არ არის მიღწეული, კანონმდებლები 15 თებერვლიდან სამშვიდობოთა გაყვანის პროცესის დაწყებას მოითხოვენ.
 
ბურჯანაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტი აპირებს თავისი დადგენილების შესრულებას, კანონმდებლებმაც და მთავრობის წევრებმაც უნდა შეაფასონ ყველა ის საფრთხე და სცენარი, რომელიც შეიძლება ცხინვალის რეგიონში ამოქმედდეს იმ შემთხვევაში, თუ თბილისი რუსული ჯარების გაყვანას მოითხოვს. 
 
“სწორედ ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება კიდევ ერთი კვირის განმავლობაში დეტალურად ვიმუშავოთ მთავრობასთან ერთად დადგენილების შემდგომი პუნქტების ამოქმედებასთან დაკავშირებით … ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც მიმართული იქნება სტაბილურობის შენარჩუნებისკენ, მაგრამ ამავე დროს კონფლიქტის მოგვარების ხელშეწყობისკენ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
 
13 თებერვალს პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება. ბურჯანაძის თქმით, სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა პარლამენტარებს რუსი სამშვიდობოების საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის. 
 
“და თუ არ იქნება რადიკალური გაუმჯობესება სამშვიდობოების საქმიანობაში – არა გვგონია, რომ ეს ასე მოხდეს – პარლამენტი 15 თებერვალს მიიღებს ახალ დადგენილებას, რომელშიც დაავალებს მთავრობას უზრუნველყოს რუსი სამშვიდობოების გაყვანა“, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ დეპუტატმა გიგა ბოკერიამ.
 
ბოკერიას თქმით, იურიდიულ პროცედურებს “მაქსიმუმ ორი თვე“ დასჭირდება.
 
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ სავარაუდოდ პარლამენტის ახალი დადგენილება, რომელიც 15 თებერვალს უნდა იქნას მიღებული, სავარაუდოდ ერთ თვეს მისცემს მთავრობას, რათა შეიმუშავოს რუსი სამშვიდობოების გაყვანის გეგმა.


პარლამენტის ბიუროს სხდომის შემდეგ, პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა თავი შეიკავა პასუხი გაეცა ჟურნალისტის შეკითხვაზე, უჭერს თუ არა იგი მხარს რუსი სამშვიდობოების გაყვანას. ამან ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის ეჭვი აღძრა, რომ ხელისუფლება სამშვიდობოებთან მიმართებაში ჯერ კიდევ ყოყმანობს.


“პრეზიდენტი [მიხეილ] სააკაშვილი და მთავრობა არ აპირებს სამშვიდობოების გაყვანას და პარლამენტი 15 თებერვალს მიიღებს დადგენილებას, სადაც დააფიქსირებს [სამშვიდობოების] გაყვანის გადაწყვეტილებას, მაგრამ ყოველგვარი ვადის და კონკრეტიკის გარეშე, რაც შემდგომში იქნება პასუხისმგებლობის მოხსნის და ამ დადგენილების არ შესრულების საშუალება მთავრობისთვის“, – განაცხადა 7 თებერვალს “ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ. 
 
მისი განცხადებით, სამშვიდობოების გაყვანის შესახებ პარლამენტში დაგეგმილი საკომიტეტო მოსმენები იქნება საზოგადოებრივი აზრის მომზადება იმისთვის, რომ გაყვანის პროცესს ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდება.  


რუსეთის რეაქცია
 
რუსეთის ოფიციალური პირების ბოლოდროინდელი განცხადებები მიანიშნებენ იმის თაობაზე, რომ მოსკოვმა შესაძლოა უარი თქვას თავისი ჯარების გაყვანაზე “თავისი მოქალაქეების უფლებების დაცვის“ მოტივით. 
 
“ჩვენი პოზიცია ნათელია: სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა და ჩვენ არა გვაქვს სხვა არჩევანი, გარდა მათი უფლებების და ამასთან, რეგიონში სტაბილურობის დაცვისა“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი “ვრემია ნოვოსტეი”–სთან ინტერვიუში, რომელიც 7 თებერვალს გამოქვეყნდა.
 
ეს იყო მისი პასუხი კითხვაზე, დატოვებენ თუ არა კონფლიქტის ზონას რუსი სამშვიდობოები. 
 
“იმედი მაქვს, რომ საქართველოს პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება სამშვიდობოებზე გადაწყვეტილების მიღებას სრული პასუხისმგებლობით მოეკიდებიან“, – დასძინა მან.
 
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში 2 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე დაარწმუნა სამხრეთ ოსეთის ლიდერი ედუარდ კოკოითი, რომ მოსკოვი “დაიცავს სამხრეთ ოსეთში მცხოვრები თავისი მოქალაქეების ინტერესებს“.
 
რუსეთი, სავარაუდოდ, შეეცდება კონფლიქტის ზონაში თავისი ჯარების ყოფნა გაამართლოს ცხინვალსა და თბილისს შორის სამშვიდობოების საკითხზე კონსენსუსის არქონით. 
 
“სამშვიდობოთა მანდატის მოქმედება შეწყდება მხოლოდ მხარეთა პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე. ცალმხრივი გადაწყვეტილების შემთხვევაში, შერეული ძალები გააგრძელებენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას მანდატის შესაბამისად“, – იტყობინებოდა “ინტერფაქსი“ 6 თებერვალს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული შერეული სამშვიდობო ძალების მეთაურის მარატ კულახმეტოვის სიტყვებზე დაყრდნობით.
 
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა 3 თებერვალს განაცხადა, რომ სამშვიდობოთა ბედი არ უნდა გადაწყდეს მხოლოდ ქართული მხარის მიერ და ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია სამხრეთ ოსეთის მხარემაც უნდა დააფიქსიროს. 
 
დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ მოსკოვის უარის შემთხვევაში, რუსული ძალები “კანონგარეშედ“ გამოცხადდებიან და მიენიჭებათ “საოკუპაციო ძალების“ სტატუსი.

Exit mobile version