თავდაცვის მინისტრი ცხინვალის რეგიონს ეწვია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი 20 სექტემბერს შეიარაღებული ძალების შტაბის მეთაურის ლევან ნიკოლეიშვილის თანხლებით დიდი ლიახვის ხეობის ქართულ სოფლებს ეწვია.


ხეობაში ყოფნის დროს საქართველოს დელეგაციამ კონფლიქტის ზონაში გამავალი ცენტრალური გზა გადაკეტა და ცხინვალიდან როკის გვირაბისკენ მიმავალი რუსი მოქალაქეები არ გაუშვა. რუსი მოქალაქეების ჯგუფი ცხინვალიდან, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის “დამოუკიდებლობის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის შემდეგ, ჩრდილოეთ ოსეთისკენ მიემართებოდა.


ქართულმა ტელეკომპანიებმა გადასცეს კადრები, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ ესაუბრება საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბის მეთაური ლევან ნიკოლეიშვილი რუსეთის მოქალაქეებს და სთხოვს მათ საქართველოს ვიზების წარმოდგენას. “თქვენ არ გაქვთ საქართველოს ვიზები. აქ ჩამოსვლისას მიმართეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვიზებისთვის?..რატომ არ მიმართეთ?“, – ეკითხებოდა ნიკოლეიშვილი რუსეთის მოქალაქეებს.


შერეული სამშვიდობო ძალების მეთაური გენერალ-მაიორ მარატ კულახმეტოვი, რომელიც ადგილზე რუსეთის მოქალაქეების დაკავებიდან რამდენიმე წუთში გაჩნდა, ცდილობდა დაერწმუნებინა საქართველოს ოფიციალური პირები, რომ გზის გადაკეტვა კონფლიქტის ზონაში მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებების დარღვევას ნიშნავდა.


“საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჩამოსვლამ კონფლიქტის ზონაში დაძაბულობა გაზარდა“,– განუცხადა მან ჟურნალისტებს.


რუსეთის მოქალაქეების ჯგუფმა ჩრდილოეთ ოსეთისკენ გადაადგილება მხოლოდ ორსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეძლო.


“ამჯერად, ჩვენ ისინი გავუშვით. ეს ჩვენი კეთილი ნების გამოხატულება იყო. ისინი იყვნენ რუსი პარლამენტარების თანაშემწეები… ვეცდებით უფრო საინტერესო ადამიანები ვიპოვოთ, [ალექსეი] მიტროფანოვი [რუსეთის სათათბიროს წევრი], [სერგეი] ბაღაფში [აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი] და ა.შ.“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ოქრუაშვილმა.


“ეს ბოლოჯერ გამოვხატეთ ჩვენი კეთილი ნება. ჩვენ აღმოვფხვრით ამგვარ უკანონო გადაადგილებებს ჩვენს ტერიტორიაზე. ეს ადამიანები აქ ქურდებივით იპარებიან“,– დასძინა ოქრუაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version