რუსეთის წარმომადგენელი სამხრეთ ოსეთზე და რუს სამშვიდობოებზე კომენტარს აკეთებს

საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი“-სთვის 20 სექტემბერს მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი ვალერი კენიაიკინი აცხადებს, რომ სიტუაცია სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში “დაძაბული“ რჩება და საჭიროა შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომის გამართვა “სიტუაციის სტაბილიზაციის“ მიზნით.


კენიაიკინმა, რომელიც შსკ-ში რუსულ მხარეს წარმოადგენს, ასევე განაცხადა, რომ კომისია სხდომას ვლადიკავკაზში სექტემბრის ბოლოს გამართავს. კომისიაში, რომელიც კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის და დემილიტარიზაციის პროცესს აკონტროლებს, ქართული, სამხრეთ ოსური, რუსული და ჩრდილოეთ ოსური მხარეები შედიან.


რუსეთის წარმომადგენლის განცხადებით, “მოვიდა დრო“, რომ გაიმართოს მოლაპარაკებები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელსა და სამხრეთ ოსეთის ლიდერს ედუარდ კოკოითს შორის.


“სიტუაცია კონფლიქტის ზონაში საკმაოდ დაძაბულია, დროდადრო ისმის სროლები. იმისათვის, რომ წინ წავიწიოთ კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების თვალსაზრისით, საჭიროა ყველა იმ შეთანხმების შესრულება, რომელიც შსკ-ის ფარგლებში იქნა მიღწეული, მათ შორის დემილიტარიზაციის და რეგიონის ეკონომიკური რეაბილიტაციის შესახებ შეთანხმებებისა… ამის გარეშე მხარეები ვერ შეძლებენ მოლაპარაკებას … ამჟამად, არ არსებობს მასშტაბური საკითხების მოგვარების შესაძლებლობა“,– განაცხადა კენიაიკინმა.


მისი თქმით, შსკ-ს მომავალი სხდომის მთავარი საკითხები დემილიტარიზაციასთან და კონფლიქტის ზონის რეაბილიტაციასთან იქნება დაკავშირებული.


მან ასევე აღნიშნა, რომ რუსი სამშვიდობოების ყოფნა კონფლიქტის ზონაში “მასტაბილიზირებელი ფაქტორია“. “ჩვენი სამშვიდობო კონტინგენტი არის იარაღი, რომელიც ეხმარება ფაქიზი სამხედრო ბალანსის შენარჩუნებას, ან ცეცხლის შეწყვეტას რეგიონში“,– განაცხადა რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს ხელისუფლების მიერ რუს სამშვიდობოებთან დაკავშირებული კრიტიკის კომენტირებისას.


საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ 19 სექტემბერს განაცხადა, რომ ცხინვალში დამატებითი ჯარების და სამხედრო ტექნიკის შეყვანით სამხრეთ ოსეთის მხარემ დაარღვია არსებული შეთანხმებები. სწორედ ეს დამატებითი ჯარები იღებენ მონაწილეობას თვითგამოცხადებული რეგიონის დე ფაქტო დამოუკიდებლობის აღსანიშნავ აღლუმში, რომელიც ცხინვალში 20 სექტემბერს იმართება.


“რა თქმა უნდა, არის [შეთანხმების] დარღვევის ელემენტები და შერეული სამშვიდობო ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა [მარატ[ კულახმეტოვმა სამართლიანად შეაფასა ეს არსებული შეთანხმებების დარღვევად … მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ სამხრეთ ოსეთის მხარემ წინასწარ აცნობა შსკ-ს ყველა წევრს ცხინვალში ამ აღჭურვილობის შეტანის თაობაზე – საუბარია 4 ტანკზე და  4 ერთეულ ჯავშანტექნიკაზე“, – განაცხადა კენიაკინმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version