Celebi ქართულ მხარეს აეროპორტის კონტრაქტის დარღვევაში ადანაშაულებს

თურქულმა კომპანია “Celebi Group“-მა 9 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თბილისის აეროპორტის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით კომპანიასთან დადებული კონტრაქტი დაარღვია და აღნიშნა, რომ საერთაშორისო იურიდიულ მექანიზმებს მიმართავს თავისი უფლებების დასაცავად.


თურქულმა კომპანია “Celebi Group”-მა, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ მაისში თბილისის აეროპორტის რეკონსტრუქციისთვის გამოცხადებულ ტენდერში ამერიკულ კომპანია “A&J”-ს და ლუქსემბურგში განთავსებულ “Gestion en Technique Speciale” (GTS)-თან ერთად გაიმარჯვა, თუმცა მოგვიანებით სამი კომპანიისგან შექმნილ კონსორციუმს ორი –  ამერიკული და ლუქსემბურგში არსებული კომპანია ფინანსური გარანტიების წარმოუდგელობის გამო გამოეთიშა.  “Celebi Group”–ი მზად იყო რეკონსტრუქცია განეხორციელებინა და პროექტის დაფინანსების თაობაზე მოლაპარაკებები საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან დაიწყო.


ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ 3 სექტემბერს განაცხადა, რომ “Çelebi Group”-მა ფინანსური გარანტიების შესახებ დოკუმენტი მიცემულ ვადაში, 2 სექტემბრამდე ვერ წარმოადგინა და ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ მოლაპარაკებები ორ სხვა თურქულ კომპანიასთან დაიწყო. “ტავმა“ და “ურბანმა“ სურვილი გამოთქვეს  თბილისის აეროპორტის რეკონსტრუქცია ერთობლივად განახორციელონ. შედეგად, 6 სექტემბერს ხელი მოეწერა კონტრაქტს ახალ კონსორციუმთან.


თუმცა, 9 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში “Çelebi Group”–ი აცხადებს: “ჩვენს მიერ [ქართულ მხარესთან] ხელმოწერილი კონტრაქტი კვლავ ძალაშია. არ არსებობს რაიმე ოფიციალური წერილი კონტრაქტის მხარის – თბილისის აეროპორტის ხელმძღვანელობისგან  – “Çelebi Group”-თან დადებული კონტრაქტის ანულირების თაობაზე. ყველა ჩანაწერი და დოკუმენტი ცხადყოფს, რომ ჩვენ შევასრულეთ დღემდე არსებული ყველა ვალდებულება კონტრაქტის მიხედვით. ჩვენ საერთაშორისო იურიდიულ მექანიზმებს მივმართავთ ჩვენი უფლებების დასაცავად“.


“Çelebi Group”–ი ასევე უარყოფს, რომ კომპანიას უნდა წარედგინა რაიმე ფინანსური გარანტია, როგორც ამას ქართული მხარე აცხადებს.


“2005 წლის 1 ივლისს ხელმოწერილი კონტრაქტში არ არსებობს რაიმე დებულება ფინანსური გარანტიებზე რაიმე დოკუმენტის წარდგენის თაობაზე, ასევე არაა მოცემული რაიმე ვადა ამ გარანტიის წარსადგენად“, – ნათქვამია “Çelebi Group”-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თურქულმა კომპანიამ ქართული მხარე საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლაშიც დაადანაშაულა.


“საქართველოს ეკონომიკური განვითარების ახალმა მინისტრმა განუცხადა საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებს, რომლებთანაც “Çelebi Group”–ი პროექტის დაფინანსების თაობაზე მოლაპარაკებებს მართავდა, რომ “Çelebi Group”-ის მიერ ხელმოწერილი კონტრაქტი უმოქმედო და ძალადაკარგული იყო. ამას შედეგად მოყვა შეფერხებები და ცალკეულ შემთხვევებში მოლაპარაკებების სრული შეწყვეტა. ამ არასასურველი შედეგების მიუხედავად, მიღწეულ იქნა წინასწარი შეთანხმება ამერიკის ფინანსურ ორგანიზაციასთან პროექტის დაფინანსების თაობაზე“, ნათქვამია განცხადებაში.


საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს კომენტარი ამ ბრალდებებზე ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია. ეკონომიკის მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ და თბილისის აეროპორტის ხელმძღვანელმა ნიკა მანჯგალაძემ კონტრაქტს “ტავთან“ და “ურბანთან“ 6 სექტემბერს მოაწერეს ხელი. კონტრაქტის თანახმად, აეროპორტის მშენებლობა ნოემბერში დაიწყება.


თურქული კონსორციუმი თბილისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აეროპორტის ასაშენებლად 62 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. შეთანხმების საფუძველზე თურქულ კონსორციუმს აეროპორტი მართვის უფლებით 15 წლით გადაეცემა. ამ ხნის მანძილზე თბილისის აეროპორტში დამატებით 18 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.  


საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, თურქული კომპანიები ასევე გამოთქვამენ მზადყოფნას 15 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ბათუმის აეროპორტის რეკონსტრუქციაზე გაიღონ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version