ოპოზიცია რეფერენდუმის გასამართად სამართლებრივი ბრძოლის ყველა გზას გამოიყენებს

15 ივლისს ოპოზიციურმა პარტიებმა “კონსერვატორებმა“, “რესპუბლიკელებმა“, მოძრაობა “სახალხო ფორუმმა“ და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიისაგან უარი მიიღეს მერებისა და გამგებლების პირდაპირი გზით არჩევაზე რეფერენდუმის გასამართად 200 ათასი ხელმოწერის შეგროვების დაწყებაზე, რითაც რეფერენდუმის გამართვის იდეა პირველივე ბარიერის გადალახვის მცდელობაზე დაიბლოკა. რეფერენდუმის ინიციატორები ცსკ–ს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ. 

“თუ საჭირო გახდა ევროპის სასამართლომდეც მივალთ“, აცხადებს საინიციტივო ჯგუფის წევრი მოძრაობა “სახალხო ფორუმიდან“ ირაკლი მელაშვილი, თუმცა მანამდე ოპოზიციას გრძელი იურიდიული პროცედურების გავლა მოუწევს ქართულ სასამართლოში.
 
საინიციტივო ჯგუფის სარეფერენდუმო შეკითხვა “თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს ყველა დასახლებული პუნქტის (ქალაქის, დაბის, თემისა და სოფლის, რომელიც არ შედის თემში) მერი/გამგებელი აირჩეს პირდაპირი არჩევნებით ამ დასახლებული პუნქტების მოსახლეობის მიერ?“,  ცსკ–ომ მიიჩნია, როგორც  მკაფიოდ და კონკრეტულად ჩამოუყალიბებელი, რაც ოფიციალური  დასკვნით, “რეფერენდუმის შესახებ“ ორგანული კანონის მოთხოვნის დარღვევაა. უარის მიზეზი ასევე ისიც გახდა, რომ განაცხადში არ იყო მითითებული “საინიციატივო ჯგუფის მისამართი და საინიციტივო ჯგუფის თითოეული წევრის საცხოვრებელი ადგილი“.

ცსკ–ოს იურიდიული სამსახურის განმარტებით, ვინაიდან “რეფერენდუმის შესახებ“ კანონი ორგანულია, მისი ყველა მოთხოვნის თანაბარუფლებიანი შესრულება სავალდებულოა. “მიუხედავად იმისა, რამდენად ტექნიკური ხასიათისაც არ უნდა იყოს დარღვეული დებულება.“
 
თუმცა თავად ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მათ ცსკ–ოს ყველა შენიშვნა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე, 14 ივლისს ცსკ–ოს წევრებთან საჯარო კონსულტაციების დროს გაითვალისწინეს. მათ შორის სიტყვათაშეთანხმების “პირდაპირი კენჭისყრის“ ტერმინით “პირდაპირი არჩევნებით“ ჩანაცვლების თაობაზე.
 
საინიციატივო ჯგუფის ერთ–ერთი წარმომადგენელი ვახტანგ ხმალაძე თვლის, რომ ცსკ–ომ “აბოლუტურად უსაფუძვლო“ გადაწყვეტილება მიიღო ორი მიზეზის გამო. “ერთი ის, რომ სარეფერენდუმო შეკითხვა კონსტიტუციას არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს, რაც დაცული იყო და მეორეც, წარმოდგენილი შეკითხვა არის ცალსახად ჩამოყალიბებული და ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა“, აცხადებს “სივილ ჯორჯიასთან“ საუბარში ვახტანგ ხმალაძე.


მისი თქმით, თუკი რაიმე ხარვეზი არსებობდა საინიციტივო ჯგუფის მითითებულ მისამართებში, განაცხადის საბოლოო ვერსიაში ყველა მათგანი გამოსწორდა. 
 
“ამდენად, უარის თქმის მიზეზი უბრალოდ აღარ არსებობდა. შესაბამისად ცსკ–ომ მიიღო პოლიტიკური და არა სამართლებრივი გადაწყვეტილება, თანაც ამ გადაწყვეტილების მისაღებად დრო მაქსიმალურ ზღვრამდე გაწელა“, დასძენს ხმალაძე.
 
16 ივნისს მაშინ, როცა სარეფერენდუმო წინადადება ოფიციალურად წარედგინა ახლადარჩეულ ცსკ–ოს, რომლის სრული შემადგენლობა პრეზიდენტის წადგინებით პარლამენტის დამტკიცებულია, ოპოზიციური პარტიები აცხადებდნენ, რომ ცსკ–ს მიერ რეფერენდუმზე მიღებული გადაწყვეტილება იქნებოდა პირველი გამოცდა, თუ რამდენად მიუკერძოებელია ახალი საარჩევნო კომისია.  
 
“კონსერვატორი“ ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ “ერთპარტიული ცსკ–ოსგან“ საინიციტივო ჯგუფი ამგვარ გადაწყვეტილებას ელოდა. ცსკ–ოს შვიდი წევრიდან მხოლოდ ერთი წავიდა სარეფერენდუმო საკითხზე უარის თქმის წინააღმდეგი. 
 
რეფერენდუმის გამართვისვისთვის ბრძოლის გაგრძელების ორი სამართლებრივი გზა არსებობს. ერთი ის, რომ ცსკ–ოს განკარგულება სასამართლოში გასაჩივრდეს და მეორეც, საინიციტივო ჯგუფმა ხელახლა შეიტანოს განაცხადი ცსკ–ოში.
 
ზვიად ძიძიგურმა “სივილ ჯორჯიასთან“ საუბარში განაცხადა, რომ  ოპოზიცია ჯერ კვლავ ცსკ–ოს მიმართავს ახალი განაცხადით და ამის შემდეგ სასამართლოს.
 
თუმცა ის, რომ რეფერენდუმისთვის ხელმოწერების შეგროვებაზე უარის შემთხვევაში, საინიციტივო ჯგუფი ცსკ–ს გადაწყვეტილებას პირდაპირ უზენაესი სასამართლოში ასაჩივრებდა,  15 ივლისიდან ძალაში შესული პარლამენტის საკანონმდებლო ცვლილებებით სხვაგვარად განისაზღვრა. კერძოდ, რეფერენდუმის შესახებ კანონის საბოლოო რედაქციით, საინიციტივო ჯგუფი ჯერ მიმართავს სასამართლო იერარქიის ყველაზე დაბალ ინსტანციას – საქალაქო სასამართლოს, რომლის გადაწყვეტილებაც გასაჩივრებადია საოლქო, ხოლო შემდეგ უზენაეს სასამართლოში.


ამით სასამართლო გზა უკვე სამსაფეხურიანი და საკმაოდ გრძელი გახდა. 
 
“თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო გზა მკვეთრად გაიწელება, რადგან სასამართლო მხოლოდ მაშინ იღებს სწრაფ გადაწყვეტილებებს როცა ეს ხელისუფლებას სურს,“, აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.


ხელისუფლებას მერების და გამგებლების არჩევითობასთან დაკავშირებით ურყევი პოზიცია გააჩნია. 1 ივლისს პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი ითვალისწინებს თბილისის მერის საკრებულოს მიერ არჩევას. 17 ივლისს კი პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რაიონების გამგებლებიც საკრებულოს მიერ იქნებიან არჩეულნი და არა პირდაპირი გზით. დღეს–დღეობით თბილისის და ფოთის მერი, ასევე ყველა რეგიონის გამგებელი პრეზიდენტის მიერ ინიშნება. 


იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელისუფლება არ დაბლოკავდა რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნას, ეს პროცედურა, კანონის მიხედივთ, შესაძლოა 12 თვეს გაგრძელებულიყო. ამასობაში, 2006 წლის შემოდგომაზე, უკვე ადგილობრივი არჩევნების დროც მოვა. ცხადია, ხელისუფლება რეფერენდუმის საკითხის მაქსიმალურად გასაწელად ყველა მექანიზმს აამოქმედებს, რათა მანამდე ადგილობრივი არჩევნები ჩატარდეს.

Exit mobile version