ცხინვალი: ოსი სამხედროების დაღუპვა დემილიტარიზაციაზე ნეგატიურად აისახა

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრი ანატოლი ბარანკევიჩი აცხადებს, რომ 29 მაისს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, სოფელ თამარაშენთან მომხდარი ინციდენტი, რომელსაც ოთხი ოსი სამხედროსა და ქართველი პოლიციელის დაღუპვა მოჰყვა, ნეგატიურად აისახა კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის ტემპებზე, იუწყება 3 ივნისს “ინტერფაქსი“.

კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაცია გასული წლის ნოემბერში თბილისსა და ცხინვალს შორის მიღწეული შეთახმებით ხორციელდება.


ამასთან, ცხინვალი მოითხოვს იმ პირების ოსური მხარისათვის გადაცემას, ვინც “დამნაშავეა ოთხი [ოსი] სამხედროს დაღუპვაში“.


“ეს იყო დაგეგმილი აქცია, რომელიც მიზნად ისახავდა იმ სამხედროთა განადგურებას, რომლებიც ქართულ მხარესთან 1989–92 წლებისა და 2004 წლის [აგვისტოს] კონფლიქტებში იღებდნენ მონაწილეობას“, აცხადებს ბარანკევიჩი.


30–31 მაისს ცხინვალში გამართულ შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება თამარაშენის ინციდენტის ერთობლივი გამოძიების შესახებ.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version