ბაღაფში უარს აცხადებს აფხაზეთის სტატუსის შესახებ მოლაპარაკებებზე

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა 30 მარტს სოხუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აფხაზური მხარე მზადაა დაიწყოს მოლაპარაკებები თბილისთან მხოლოდ ეკონომიკურ პროექტებზე. მან გამორიცხა რაიმე მოლაპარაკებები აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის შესახებ, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი“.


“არანაირი მოლაპარაკებები არ გაიმართება აფხაზეთის სტატუსის თაობაზე. ჩვენ მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებს განვიხილავთ ქართულ მხარესთან … სოჭის ფორმატის ფარგლებში“, განაცხადა ბაღაფშმა. 2003 წელს საქართველოს ექს-პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძესა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შორის სოჭში მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს დევნილთა დაბრუნებას აფხაზეთში; აფხაზეთის გავლით რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა და რეგიონში ენერგოობიექტების რეაბილიტაცია.


სერგეი ბაღაფშმა ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 29 მარტის განცხადებაზე აფხაზებში პოზიციათა ცვლილებების თაობაზე. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ აფხაზთა უმეტესობა აცნობიერებს, რომ “სისულელეა“ იმაზე ფიქრი, რომ აფხაზეთს ოდესმე აღიარებენ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.


“ქართველი პოლიტიკოსები აფხაზების პოზიციის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოპოვების გარეშე აკეთებენ დასკვნებს. ამგვარი განცხადებებით ქართველი პოლიტიკოსები ცდილობენ დაანახონ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ აფხაზები უფრო დამთმობნი გახდნენ. ეს განცხადება კეთდება მაღალი დონის სტუმრის ვიზიტის წინ“, განაცხადა ბაღაფშმა. მას მხედველობაში ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ვიზიტი საქართველოში, რომელიც 10 მაისს იგეგმება.


მისი თქმით, ქართული ოფიციოზის ამგვარმა განცხადებებმა შესაძლოა ქართულ-აფხაზური ჯერ არ დაწყებული მოლაპარაკებების შეწყვეტა გამოიწვიოს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version