თბილისი მოსკოვს ეუთოს საზღვრის მონიტორინგის დაბლოკვის გამო აკრიტიკებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 14 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში გააკრიტიკა რუსეთის ფედერაციის “უკიდურესად ხისტი, დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი პოზიცია”, რამაც გამოიწვია საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის მონაკვეთებზე ეუთოს მონიტორინგის ოპერაციის შეწყვეტა. 


გასული წლის 31 დეკემბერს ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვის თავიდან არიდებით რუსეთმა ვეტო დაადო მისიის გაგრძელებას.


“ამ ფაქტის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს უკიდურეს აღშფოთებას, რადგან საქართველო-რუსეთის ფედერაციის საზღვრის ყველაზე რთული მონაკვეთი დარჩა საერთაშორისო თანამეგობრობის მეთვალყურეობის – რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უმნიშვნელოვანესი გარანტის გარეშე”, ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.


ამასთან საქართველოსთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ “საზღვრის მონიტორინგის ოპერაციის შეწყვეტას ემთხვევა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის მიერ გაკეთებული უპასუხისმგებლო განცხადება მეზობელ ქვეყნებში ვითომდა არსებულ ტერორისტების ბაზებზე პრევენციული დარტყმების განხორციელების შესახებ”.


აშშ-ში ვიზიტით მყოფმა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა 13 იანვარს განაცხადა, რომ მოსკოვი ტეტორიზმთან ბრძოლის მოტივით პრევენციულ დარტყმებს მიაყენებს საზღვარგარეთ არსებულ ტერორისტთა ბაზებს.


“საქართველოს ხელისუფლება დაჟინებული თხოვნით მიმართავს მსოფლიო თანამეგობრობას, რათა სასწრაფოდ იყოს მიღებული ყველა საჭირო ზომა ეუთოს საზღვრის მონიტორინგის ოპერაციის ჩასანაცვლებლად საზღვარზე საერთაშორისო მეთვალყურეობისა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით”, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი რუპელმა 13 იანვარს ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოსადმი მიმართვაში, მწუხარება გამოხატა ეუთოს საზღვრის მონიტორინგის ოპერაციის შეწყვეტის გამო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version