აფხაზეთში ხმების დათვლა დასრულდა

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად შექმნილმა კომისიამ 3 ოქტომბრის საპრეზიდენტოს არჩევნების ბიულეტენების გადათვლა დაასრულა, აცხადებს რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი“.


კომისიის წევრმა რუსლან პანტიამ, რომელიც პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატის რაულ ხაჯიმბას წარმომადგენელია, განაცხადა, რომ ხმების დათვლისას რამოდენიმე ოლქის შემაჯამებელ ოქმში გარკვეული დარღვევები დაფიქსირდა, ამგვარად ეს ოქმები ბათილად უნდა იქნას ცნობილი.


ხმების ხელახალი დათვლის შედეგების სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია. ოპოზიციის კანდიდატის სერგეი ბაღაფშის წარმომადგენლებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.


კომისიამ ხელახალი დათვლის შედეგები აფხაზეთის უზენაესს სასამართლოს უნდა წარუდგინოს.  


პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატმა რაულ ხაჯიმბამ სარჩელი შეიტანა უზენაეს სასამართლოში აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის 11 ოქტობრის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. ამ გადაწყვეტილების თანახმად, ოპოზიციის კანდიდატი სერგეი ბაღაფში ხმების 50.08%-ით გამარჯვებულად გამოცხადდა.


უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, შეიქმნა ხმების დამთვლელი სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ ცსკ-ს ერთი წარმომადგენელი და თითოეული საპრეზიდენტო კანდიდატის ორი-ორი  წარმომადგენელი.


 

Exit mobile version