შევარდნაძე დადებითად აფასებს აშშ-ს რეკომენდაციებს არჩევნებთან დაკავშირებით

(თბილისი, 7 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი მზად არის ხელი მოაწეროს აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის მიერ წარმოდგენილ რეზოლუციებს, რომლებიც არჩევნებისთვის მზადებას ეხება.

“ეს პროექტი ჩემთვის უცხო არ იყო და მჯერა, რომ მისი განხორციელება ხელს შეუწყობს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ეს ის მოდელია, რასაც ჩვენც ვაყენებდით. ვფიქრობ, ამას დაემეტება ჩემს მიერ პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი, რომელიც არჩევნების დროს ხმების მოსყიდვის მცდელობის შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითვალისწინებს”, – განაცხადა თავის დღევანდელ რადიოინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ.

იგი მზად არის 8 ივლისს კანცელარიაში შეხვდეს ოპოზიციას და განიხილოს ბეიკერის მიერ დატოვებული რეზოლუციების ტექნიკური მხარე.

“აშშ-ს ხელისუფლების მიერ ამ დოკუმენტების წარდგენა, არმც და არამც არ არის საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებაში ჩარევა, პირიქით, ასეთი მაღალი რანგის პოლიტიკოსის თბილისში ვიზიტი ცხადყოფს, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკა ჩვენს ქვეყანას. ამერიკას ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის თავიდანვე ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების განხორციელებაში და აქედან გამომდინარე, უფლება აქვს ჩაერიოს ჩვენს საქმეში”, – აცხადებს პრეზიდენტი.

მისი თქმით, ამერიკის მთავრობა დაინტერესებულია საქართველოში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებით და ასევე შედეგებით, რადგან ეს ქვეყანა საქართველოს ერთ-ერთი პარტნიორია.

შევარდნაძე იმედოვნებს, რომ ოპოზიციაც დაეთანხმება ბეიკერის მიერ წარმოდგენილ პროექტს და მოხდება შეთანხმება, რასაც პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოჰყევბა, სადაც საარჩევნო კოდექსის გარდა სხვა მნიშვნელოვანი კანონპროექტებიც განიხილება.

საქართველოს პრეზიდენტი კმაყოფილია ჯეიმს ბეიკერის საქართველოში საგანგებო ვიზიტით.

ბეიკერის მიერ დატოვებული დოკუმენტი ითავლისწინებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებას მთავრობის 5 და ოპოზიციის 9 წარმომადგენლით, თავმჯომარეს კი ეუთო დანიშნავს. ასევე მითითებულია, თუ როგორ უნდა ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version