კობახიძე სამართალდამცავ ორგანოებს და პარლამენტს სურსათზე მაღალი ფასების შესწავლისკენ მოუწოდებს

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამართალდამცავ ორგანოებს და პარლამენტს მოუწოდა, შეისწავლონ სურსათზე ზედმეტად მაღალი ფასები და ეჭვი გამოთქვა, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ. მან ანტიმონოპოლიური ზომების მიღების შესახებ გააფრთხილა.

სამწუთიან ვიდეო მიმართვაში კობახიძემ განაცხადა, რომ შედარებითმა ანალიზმა ფასების მკვეთრი განსხვავება აჩვენა საქართველოსა და ევროპის სუპერმარკეტებს შორის, სადაც ზოგიერთი პროდუქტი ქვეყნის შიგნით თითქმის სამჯერ ძვირი ღირს.

„საქართველოსა და საფრანგეთში ერთი და იგივე საერთაშორისო ბრენდის ქსელურ მარკეტებს შორის ფასები რომ შევადაროთ, საქართველოში კონკრეტული მარკის მზესუმზირის ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, ხოლო შოკოლადი 47%-ით ძვირია“, – განაცხადა კობახიძემ.  

მისი თქმით, ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7, 8 და 14 პროცენტიც კია, როდესაც ევროპაში მათი წმინდა მოგების მარჟა საშუალოდ 2 პროცენტია. ამასთან, მისი თქმით, ძალიან მაღალია დისტრიბუტორი კომპანიების წმინდა მოგების მარჟაც, რომელიც საქართველოში, როგორც წესი, 6-დან 13.5 პროცენტამდე მერყეობს.

კობახიძემ აღნიშნა, რომ პროდუქტზე ფასნამატი და მიმწოდებლისთვის დაკისრებული ფინანსური ტვირთი იმდენად დიდია, რომ „ქართველი მწარმოებლებისთვის ხშირად უფრო მომგებიანია, საკუთარი პროდუქცია არა ქართულ მარკეტებში გაყიდონ, არამედ საზღვარგარეთ ექსპორტზე გაიტანონ“.

კობახიძემ ასევე მიუთითა საცალო სექტორის სწრაფ გაფართოებაზე და აღნიშნა, რომ სუპერმარკეტების ქსელების რაოდენობა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაორმაგდა. ამჟამად საქართველოში 100 000 ადამიანზე 113 სუპერმარკეტია, გერმანიაში ეს მაჩვენებელი 45-ს, ხოლო ავსტრიაში 62-ს შეადგენს.

„აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მივაღწიოთ, მინდა, ვთხოვო საქართველოს პარლამენტს, შექმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც საკითხის შესაფასებლად შესაბამის საპარლამენტო ბერკეტებს გამოიყენებს, ასევე მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ „საჭიროების შემთხვევაში, ამისათვის სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულ ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ“.

სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიესალმა კობახიძის ინიციატივას და განაცხადა, რომ „საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე საქართველოს პარლამენტი შექმნის სპეციალურ კომისიას და დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას“.

თუმცა, ოპონენტები ვარაუდობენ, რომ ინიციატივის უკან შესაძლოა რეპრესიული მოტივები იმალებოდეს.

ეკონომისტმა და საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ ინიციატივა „სავაჭრო ქსელის რეპრესიებად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ კობახიძის  მოწოდება სამართალდამცავებისადმი არის „რეპრესიების გაფართოება ბიზნესსფეროში“. „შემდგომი ნაბიჯი ბიზნესზე სახელმწიფო კონტროლის დამყარება იქნება, როგორც ეს ბელორუსში და სხვა მსგავს ქვეყნებშია. მალე თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის იდეებს  “სახელმწიფო კაპიტალიზმის” იდეოლოგიით ჩაანაცვლებენ“, – წერს გოცირიძე „ფეისბუქზე“.   

This post is also available in: English

Exit mobile version