სსო-ები საერთაშორისო ორგანიზაციებს 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს ქიმიური ნივთიერებების სავარაუდო გამოყენების თაობაზე მიმართავენ  

თორმეტმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მათ ერთობლივად მიმართეს გაეროს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) გენერალურ დირექტორს, გაეროს სპეციალურ მომხსენებლებს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს საქართველოში მიმდინარე დემონსტრაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებისა და „მასების კონტროლის ქიმიური და ექსპერიმენტული საშუალებების“ გამოყენებასთან დაკავშირებით.

ორგანიზაციების თქმით, მათ მიერ საერთაშორისო მექანიზმებისთვის მიწოდებული ინფორმაცია ეხება 2024 წლის ნოემბერ–დეკემბერში თბილისში გამართული მასშტაბური აქციების შვიდ ეპიზოდს, რომლის დროსაც, „არსებული მტკიცებულებების მიხედვით, სამართალდამცავებმა გამოიყენეს ქიმიური ნივთიერებები, მათ შორის წყლის ჭავლში შერეული ქიმიური გამაღიზიანებლები და სხვა იდენტიფიცირებელი ან არაიდენტიფიცირებელი ტოქსიკური და ექსპერიმენტალური ნაერთები, რამაც დემონსტრანტებში გამოიწვია მძიმე და ხანგრძლივი ჯანმრთელობის დაზიანებები“.

„ჩვენ მოვუწოდეთ OPCW-ის გენერალურ დირექტორს, გამოიყენოს საკუთარი მანდატი და განიხილოს ფაქტების დადგენის ან საგამოძიებო მისიის საქართველოში გამოგზავნის შესაძლებლობა“, – განაცხადა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დირექტორმა ნინო ლომჯარიამ 22 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე. 

„პარალელურად, მივმართეთ გაეროს სპეციალურ მომხსენებლებს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, რათა მათ საკუთარი მანდატის ფარგლებში მოახდინონ რეაგირება, უზრუნველყონ საერთაშორისო ზედამხედველობა და ხელი შეუწყონ სიმართლის დადგენას, დაზარალებულთა უფლებების დასაცავად“, – დასძინა მან.

ლომჯარიას თქმით, მიმართვის მიზანია „არა მხოლოდ წარსულში ჩადენილი შესაძლო მძიმე დარღვევების გამოძიება, არამედ მომავალი ძალადობის პრევენცია და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დაცვა საქართველოში“. მან ასევე აღნიშნა, რომ „ქიმიური მოწამვლით დაზარალებულებს აქვთ უფლება იცოდნენ სრული ინფორმაცია გამოყენებული ქიმიური ნაერთების შესახებ, რათა შეძლონ ადეკვატური მკურნალობის მიღება“.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ასევე შეეხნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებას, რომლის თანახმადაც ნივთიერება, რომელსაც პოლიცია მომიტინგეების წინააღმდეგ წლების განმავლობაში იყენებდა, მათ შორის გასული წლის 4-5 დეკემბერს, ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი იყო, რომელიც ასევე ცნობილია როგორც CS გაზი, და რომ ხელისუფლებას არასდროს შეუძენია კამიტი, როგორც ამას BBC-ის ბოლო გამოძიება ვარაუდობს.

„სუსის ხუთდღიანმა ე.წ. გამოძიებამ და წარმოდგენილმა „დასკვნამ“ პასუხების ნაცვლად შეკითვები და ეჭვები გააჩინა და კიდევ ერთხელ ცხადჰყო, რომ საქართველოში არ არსებობს ეფექტიანი, დამოუკიდებელი და სანდო გამოძიების მექანიზმი“, – განაცხადა ორგანიზაციებმა.

ერთობლივი განცხადების ხელმომწერ ორგანიზაციებს შორის არიან საფარი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), საქართველოს ევროპული ორბიტა, პრევენცია პროგრესისთვის (PFP), წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ქართული ცენტრი (GCRT), დემოკრატიის მცველები, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF), სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საქართველოს მომავლის აკადემია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი.

This post is also available in: English

Exit mobile version