რუსეთი ღიაა საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, თუმცა პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობებს ვერ ხედავს, სანამ თბილისი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას მოსკოვის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარს უკავშირებს, განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაზეთ „იზვესტიას“.
„რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობები არ არსებობს, რადგან თბილისი კვლავაც იცავს [მიხეილ] სააკაშვილის ხელისუფლების დროს მიღებულ პოზიციას, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარს უკავშირებს“, – განაცხადა სამინისტრომ.
„ეს მოთხოვნა თავად საქართველოსთვის საზიანო და არარეალურია. მოსკოვმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ამ რესპუბლიკების სახელმწიფოებრიობის აღიარების გადაწყვეტილებები შეუქცევადია“, – დასძინა მან.
იმავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი კვლავ ღიაა საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად, იმ დონემდე, რამდენადაც თბილისი იქნება ამისთვის მზად.
„ბურთი საქართველოს მოედანზეა, რომელიც, ჩვენი აზრით, ამით ყველაზე მეტად უნდა იყოს დაინტერესებული“, – განაცხადა სამინისტრომ.
თბილისი აცხადებს, რომ ის კვლავაც ერთგულია მშვიდობიანი დეოკუპაციისა და რომ თავისი პოზიციის შეცვლას არ აპირებს. 3 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარის საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „ჩვენ გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები, რაც დაკავშირებულია დეოკუპაციის საკითხთან. ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი. რა თქმა უნდა, არავითარ კომპრომისს ეს საკითხი არ ექვემდებარება“. რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის არ გააუქმებს ოკუპირებული რეგიონების აღიარებას.
გაზეთი „იზვესტია“ იტყობინება ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, პეტრე მამრაძის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ის არ ელის სრული დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას უახლოეს მომავალში, თუმცა აღნიშნა, რომ თანამშრომლობა ვითარდება ვაჭრობის, კულტურისა და სოციალურ სფეროებში.
This post is also available in: English
