2025 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლონეთში გამარტივებული დასაქმების პროცედურა უქმდება და სანაცვლოდ, მათ უფრო ხანგრძლივი, სტანდარტული პროცესის გავლა მოუწევთ, რომელიც D ტიპის ვიზის მიღებას გულისხმობს.
პოლონეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრმა 21 ნოემბერს შესაბამისი დადგენილება გამოსცა, რომლითაც საქართველო ამოღებულ იქნა იმ ქვეყნების სიიდან, რომელთა მოქალაქეებსაც პოლონეთში არასეზონურ სამუშაოებზე მუშაობა 24 თვემდე ვადით, სტანდარტული სამუშაო ნებართვის გარეშე შეეძლოთ. პროცედურის ფარგლებში დარჩენილი ქვეყნებია სომხეთი, ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინა.
პოლონეთის ხელისუფლებამ გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა „საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება, უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეზღუდვებზე მუშაობის გაგრძელება და გაცემული დეკლარაციებისა და სეზონური სამუშაო ნებართვების რაოდენობის შემცირება 2024 წელთან შედარებით“.
ამიერიდან, საქართველოს მოქალაქეებმა პოლონეთის საკონსულოში D ტიპის ეროვნულ ვიზაზე განაცხადის შეტანამდე, ჯერ დამსაქმებლის მეშვეობით უნდა მიიღონ სამუშაო ნებართვა. ვიზა 90 დღეზე მეტი ხნით და ერთ წლამდე დარჩენის უფლებას იძლევა.
თუმცა, 1 დეკემბრამდე რეგისტრირებული დეკლარაციების საფუძველზე უკვე დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ გააგრძელონ მუშაობა დეკლარაციის ვადის გასვლამდე. ახალი რეგულაციის ძალაში შესვლამდე წარდგენილი განაცხადები ასევე დამუშავდება წინა წესების შესაბამისად.
This post is also available in: English
