შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საჯარო სკოლებში ახალ პროექტს იწყებს სახელწოდებით „პროფესია პოლიციელი“, რომლის მიზანიც ახალგაზრდებისთვის საპოლიციო საქმიანობის გაცნობა და მოზარდებში ამ პროფესიის პოპულარიზაციაა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ და განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ახალი კამპანიის პროექტი სასკოლო საზოგადოებას შსს აკადემიაში წარუდგინეს. შსს-ს პრესრელიზის თანახმად, გეკა გელაძემ განაცხადა, რომ ახალი კამპანია „ხელს შეუწყობს ახალგაზრდებსა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას“.
გელაძის თქმით, სკოლის მოსწავლეებს „შესაძლებლობა ექნებათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფს ეწვიონ და ადგილზე გაეცნონ პოლიციელების მიღწევებს, შედეგებს, წარმატებებსა და ყოველდღიურ საქმიანობას“.
„ვფიქრობთ, რომ აღნიშნული აქტივობები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დაინტერესებას პოლიციელის ძალიან ღირსეული და საამაყო პროფესიით“, – განაცხადა გეკა გელაძემ.
შსს-ს ინფორმაციით, კამპანია „პროფესია პოლიციელი“ 21 ნოემბრიდან დაიწყება და წლის ბოლომდე, 4000-მდე სკოლის მოსწავლეს საშუალება ექნება ჩაერთოს მასში.
This post is also available in: English
