თურქეთმა განაცხადა, რომ საქართველოში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ 11 ნოემბერს საქართველოში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 20 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. სამინისტრომ დაღუპული ოფიცრების სახელები 12 ნოემბერს X-ზე გამოაქვეყნა.

თურქული C-130 სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი 11 ნოემბერს საქართველოში, აზერბაიჯანის ქალაქ განჯიდან აფრენის შემდეგ ჩამოვარდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, ხოლო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ჩამოვარდნის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გვიან ღამემდე გაგრძელდა.

საქართველოსა და აზერბაიჯანის ლიდერებმა, ასევე საერთაშორისო პარტნიორებმა, თურქეთს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს.

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს სამძიმარი გამოუცხადეს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა 11 ნოემბერს ანკარაში გამოსვლა შეაჩერა, რათა ავიაკატასტროფის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ „ჩვენი მოწამეებისთვის“ სამძიმარი გამოეხატა. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ, მოგვიანებით განაცხადა, რომ 20 დაღუპულიდან 18 უკვე ნაპოვნია, ხოლო დანარჩენი ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

This post is also available in: English

Exit mobile version