კობახიძე„ქართული ოცნების“ მინისტრებთან ერთად ჩინეთს სტუმრობს

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთში ვიზიტი დაიწყო, სადაც ის შანხაიში ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველო წელს გამოფენაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა ჩინეთის პრემიერ ლი ციანისთან. გამოფენაზე 40-ზე მეტი ქართული კომპანია იქნება წარმოდგენილი.

ირაკლი კობახიძე შანხაიში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

კობახიძის ვიზიტი ჩინეთში ბრიუსელში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ემთხვევა, სადაც ევროკომისია დღეს 2025 წლის გაფართოების ანგარიშს გამოაქვეყნებს.

რადიო თავისუფლება, რომელმაც დოკუმენტზე წვდომა მოიპოვა, იტყობინება, რომ ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში „უპრეცედენტოდ მწვავედ“ გააკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის, სასამართლოს დამოუკიდებლობის „შერყევის“, ინსტიტუტების პარტიული ინტერესებისადმი დაქვემდებარებისა და საგარეო პოლიტიკის შეცვლილი პრიორიტეტების გამო.

This post is also available in: English

Exit mobile version