რუსეთმა საქართველოს მოქალაქეს უკრაინაში ბრძოლისთვის ბრალი წაუყენა

რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის მხარეს მებრძოლ 35 წლის საქართველოს მოქალაქე გიორგი ფარცვანიას ბრალი წაუყენა, ძებნილთა სიაში შეიყვანა და დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, განაცხადა მოსკოვის პროკურატურამ 28 ოქტომბერს.

ფარცვანიას რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით რამდენიმე ბრალდება წაუყენეს, მათ შორის ომში დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობა, ტერორისტული აქტის ჩადენა, საზღვრის უკანონო გადაკვეთა და ორგანიზებული ჯგუფის შემადგენლობაში მოქმედება, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ტრანსპორტირება, ტარება და შენახვა, ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო ტარება და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის კონტრაბანდა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2014-დან 2017 წლამდე ფარცვანია უკრაინაში ჩავიდა და გასამხედროებულ ჯგუფს შეუერთდა, რომელიც თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების უსაფრთხოების ძალებს ებრძოდა. ის უკრაინაში, სავარაუდოდ, 2022 წლის თებერვლის ბოლოს დაბრუნდა, კვლავ შეუერთდა გასამხედროებულ ჯგუფს და 2025 წლის სექტემბრამდე რუსი სამხედროების წინააღმდეგ „საომარ მოქმედებებში“ მონაწილეობდა.

პროკურატურამ განაცხადა, რომ 2024 წლის აგვისტოში ფარცვანიამ, სხვა უკრაინელ სამხედროებთან ერთად, უკანონოდ გადაკვეთა რუსეთის სახელმწიფო საზღვარი ბელგოროდის რეგიონში, თავს დაესხა სოფელ პოროზს, უკანონოდ შევიდა კერძო სახლებში და მძევლად აიყვანა ორი მშვიდობიანი მოქალაქე.

This post is also available in: English

Exit mobile version