თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მიღებული უფრო მკაცრი ზომების ფარგლებში რამდენიმე მომიტინგეს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
19 ოქტომბრის გადაწყვეტილებებით, დაახლოებით ათ ადამიანს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა 14 დღემდე ვადით, წინა დღეს პარლამენტის მახლობლად, რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის.
დაკავებულებს შორის იყო ვახო სანაია, ჟურნალისტი და ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი. სანაიას, სავარაუდოდ, „გზის გადაკეტვის“ გამო ექვსდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. მის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება 30-ზე მეტმა მედია ორგანიზაციამ დაგმო. 19 ოქტომბერს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, მათ აღნიშნეს, რომ სანაიას დაკავება „რეპრესიების მაგალითი და „ქართული ოცნების” მხრიდან თავისუფალი მედიის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია“.
აქტივისტებსა და მომიტინგეებს, მათ შორის ლევან ჯობავას და შალვა ჩუბინიძეს 14 დღით, საბა ხომერიკს – რვა დღით, დავით გოგიჩაიშვილს, გიორგი ყიასაშვილს და ლევან მარგიანს – ექვსი დღით, ხოლო ნინო სვანიძეს – ხუთი დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. კიდევ ერთ მოქალაქეს, ლარა ნაჭყებიას, ოთხი დღით პატიმრობა შეეფარდა „სახის დაფარვისთვის“. გავრცელებული ინფორმაციით, იგი შარფის ტარების გამო დააკავეს.
კიდევ ორი პირი, მამუკა კუპრეიშვილი და ვახტანგ მაჭავარიანი, რომლებსაც, გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსი აქვთ, გაათავისუფლეს, თუმცა მათ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ. თორნიკე თხილავამ და გელა გამყრელიძემ ზეპირი გაფრთხილება მიიღეს და გათავისუფლდნენ. ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის, სასამართლო სხდომა 24 ოქტომბრამდე გადაიდო.
This post is also available in: English