საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) განაცხადა, რომ ტელეკომპანია „იმედის“ მომართვის საფუძველზე, მან გამოძიება „საბოტაჟის“ მუხლით დაიწყო მას შემდეგ, რაც არხის მაუწყებლობა დაახლოებით 45 წუთით გაითიშა.
„არხის მაუწყებლობა 17 საათსა და 48 წუთზე გაითიშა და დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში არხი ეთერში ვერ გავიდა“, – განაცხადა სუს-მა 13 ოქტომბერს გამოქვეყნებულ მოკლე განცხადებაში. „„ტელეიმედთან“ ერთად მაუწყებლობა შეწყდა ჰოლდინგში შემავალი კიდევ ორი კომპანიის – „მაესტროსა“ და „ჯიდიესის“ შემთხვევაშიც. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“.
მანამდე, 19:00 საათზე, ტვ „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ტელეკომპანია „იმედის“ მაუწყებლობა ამ ეტაპზე დაუდგენელი მიზეზით, მოულოდნელად, დაახლოებით 45 წუთით გაითიშა“. ტელეკომპანიამ აღნიშნა, რომ ის არ გამორიცხავს, რომ ადგილი ჰქონდეს „არხის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებრივ აქტს“.
This post is also available in: English