ბაჩო ახალაია, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობაში (2003-2012) შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრების თანამდებობებს იკავებდა, 4 ოქტომბრის არეულობებთან დაკავშირებით და ხმის ნიმუშის ასაღებად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს.
ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა, 10 ოქტომბერს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისიც დაბარებულია, თუმცა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ.
დაბარება სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აუდიოჩანაწერის გაშვებას მოყვა. ჩანაწერი, რომელიც „იმედის“ თქმით, მათ ელექტრონული ფოსტით მიიღეს და რომლის ავთენტურობაც, არხის თქმით, არ არის დადასტურებული, სავარაუდოდ, ახალაიასა და 4 ოქტომბრის არჩევნების დღის აქციის ორგანიზატორ პაატა ბურჭულაძეს შორის საუბარს ასახავს.
ჩანაწერის მიხედვით, თითქოსდა ახალაია და ბურჭულაძე 4 ოქტომბრის აქციის განვითარების სცენარს განიხილავენ. ახალაიამ ბრალდებები უარყო და აუდიოჩანაწერს ყალბი უწოდა, ხოლო „მითების დეტექტორმა“ განაცხადა, რომ აუდიოჩანაწერი ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული.
This post is also available in: English