თბილისში პოლონელ მესაზღვრეებზე თავდასხმისთვის სამი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თბილისში პოლონეთის მოქალაქეებზე თავდასხმისა და დაზიანებების მიყენებისთვის სამი პირია დაკავებული. ხოლო პოლონური მედია იუწყება, რომ თავდასხმის სამიზნეები მესაზღვრეები გახდნენ, რომლებიც საქართველოში დეპორტირებულებს ჩამოყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, რომ დაზარალებულები პოლონელი მესაზღვრეები იყვნენ, თუმცა 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ ბრალდებულებმა „ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს პოლონეთის სამ მოქალაქეს, ხოლო ფიზიკური დაპირისპირებისას ერთ-ერთმა ბრალდებულმა ბლაგვი საგნის გამოყენებით ფიზიკურად იძალადა მათზე“. დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ორი ეჭვმიტანილი ინციდენტიდან მალევე, 9 ოქტომბერს დააკავეს, ხოლო მესამე პირის დაკავების შესახებ შსს-მ 10 ოქტომბერს განაცხადა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126¹ მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. სამინისტრომ დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალაც გამოაქვეყნა.

იმავდროულად, პოლონური მედია იტყობინება, რომ დაზარალებულები თბილისში ჩამოვიდნენ „საქართველოსა და პაკისტანის მოქალაქეების დეპორტაციის ოპერაციის ფარგლებში, რომელიც პოლონეთის სასაზღვრო დაცვის წარმომადგენლებმა ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოსთან (Frontex) თანამშრომლობით ჩაატარეს“. ამავე ინფორმაციის თანახმად, თავდასხმა „ოპერაციის დასრულებიდან მალევე“ მოხდა.

This post is also available in: English

Exit mobile version