შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ 7 ოქტომბერს გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისის ცენტრში 4 ოქტომბრის არჩევნების დღეს მომხდარ არეულობებთან დაკავშირებით კიდევ ოთხი პირია დაკავებული. მისი თქმით, კიდევ სამი პირის ძებნა მიმდინარეობს. ერთი საათის შემდეგ, სამინისტრომ კიდევ ერთი დაკავების შესახებ გააკეთა განცხადება, რითაც დაკავებულთა საერთო რაოდენობა 23-მდე გაიზარდა.
სამინისტრომ 6 ოქტომბერს 13 პირი დააკავა. მანამდე, 5 ოქტომბრის გამთენიისას, აქციის ხუთი ორგანიზატორი დააკავეს. 7 ოქტომბერს მათ წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
This post is also available in: English