ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონმდებლობას, რომელიც ევროკავშირისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ამარტივებს იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც უსაფრთხოების რისკებს წარმოადგენენ ან ადამიანის უფლებებს არღვევენ.
მიუხედავად იმისა, რომ ცვლილება იმ 61 ქვეყანაზე ვრცელდება, რომელთა მოქალაქეებსაც ამჟამად შენგენის ზონაში ხანმოკლე ვიზიტით შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა, ამ ნაბიჯმა შეშფოთება გააჩინა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო შესაძლოა პირველი ქვეყანა გახდეს, ვისაც შეჩერება ემუქრება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ავტორიტარული მართვის გამო.
„მექანიზმი საშუალებას აძლევს ევროკომისიას, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წუხილების არსებობის შემთხვევაში აღადგინოს სავიზო მოთხოვნები კონკრეტული ქვეყნისთვის – ჯერ დროებით, გამოძიებისა და დიალოგის დაწყებამდე, და შემდეგ სამუდამოდ, თუ პრობლემები არ მოგვარდება“, – ნათქვამია ევროპარლამენტის 7 ოქტომბრის პრესრელიზში.
შეჩერების ახალ საფუძვლებს შორისაა ჰიბრიდული საფრთხეები, როგორიცაა მიგრანტების სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ინსტრუმენტალიზაცია, ინვესტორებისთვის მოქალაქეობის მინიჭების სქემები, რომლებიც უსაფრთხოების შეშფოთებას იწვევს, ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შეუსაბამობა, გაეროს ქარტიის, საერთაშორისო ადამიანის უფლებების ან ჰუმანიტარული სამართლის დარღვევები და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა.
კანონმდებლობა, რომელიც ევროპარლამენტმა 518 ხმით 96 წინააღმდეგ მიიღო, ახლა ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც ის ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღეში შევა ძალაში. დროებითი შეჩერება შეიძლება ერთიდან სამ წლამდე გაგრძელდეს.
This post is also available in: English