გალში „ჯაშუშობის“ ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

მედიის ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა თბილისის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე შალვა ხიზანიშვილი დააკავა.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესი“ და რადიო თავისუფლების რუსულენოვანი სამსახური „ეხო კავკაზა“ იუწყებიან, რომ ხიზანიშვილი 1 ოქტომბერს გალის რაიონის სოფელ შაშიკვარაში დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ დაკავების დროს მის საცხოვრებელ სახლში „სამი თოფი, საბრძოლო მასალა, ნაღდი ფული, ქართული საბანკო ბარათები“, და ასევე „ასაფეთქებელი მოწყობილობის შემცველი პაკეტი“ აღმოაჩინეს.

იმავე წყაროების ცნობით, დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ ხიზანიშვილმა „დაადასტურა თავისი კონტაქტები საქართველოს დაზვერვის სამსახურებთან“ და რომ მას გადაღებული ჰქონდა „აფხაზეთში რუსეთის FSB-ს ერთ-ერთი სასაზღვრო პოსტი, რისთვისაც მან ფინანსური კომპენსაცია მიიღო“. ამასთანავე, მოგვიანებით მას „დაფარულ ადგილას ასაფეთქებელი მოწყობილობა გადასცეს, რომელიც შემდგომში მის საკუთრებაში აღმოაჩინეს“. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა „იარაღის უკანონოდ შეძენისა და შენახვის“ და „ჯაშუშობის“ ბრალდებით.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ეხო კავკაზას“ განუცხადა, რომ მათ აამოქმედეს ცხელი ხაზის მექანიზმი და ინციდენტის დეტალების გასარკვევად ყველა არსებულ საშუალებას იყენებენ.

This post is also available in: English

Exit mobile version