შსს-მ არჩევნების დღეს მომხდარ არეულობებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არჩევნების დღეს მომხდარ არეულობებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით დაიწყო, მათ შორის ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლებით, განაცხადა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.

დარახველიძის თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას,   საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.

„მიუხედავად სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებებისა, აქციის წევრები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველების კანონიერ მოწოდებებს“, – განაცხადა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან  განხორციელებული „კანონსაწინააღმდეგო ქმედებების,  მათ შორის ძალადობრივი ჯგუფების  მიერ სამართალდამცველების მისამართით  ნასროლი სხვადასხვა საგნის მოხვედრის შედეგად,  ამ ეტაპზე არსებული  მონაცემებით,  შინაგან საქმეთა სამინისტროს  14 თანამშრომელია დაშავებული“.

„კიდევ ერთხელ, უმკაცრესად მოგიწოდებთ აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილოთ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვათ სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის ღონისძიებას“, – დასძინა მან.

This post is also available in: English

Exit mobile version