„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, 3 ოქტომბერს, საქართველოს ადგილობრივი არჩევნების წინა დღეს გამართულ ბრიფინგზე, მოუწოდა მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, ხოლო დაგეგმილი მასშტაბური აქციის მონაწილეებს, არ დაუპირისპირდნენ სახელმწიფო სისტემასა და კანონს. მან გააფრთხილა, რომ ნებისმიერი დამნაშავე „ძალიან მკაცრ“ პასუხს მიიღებს.
კობახიძემ დაგეგმილი აქცია „რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს“ დაუკავშირა და „ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“ და „ლელო“ დაასახელა. მისი თქმით, აქციას და მის მიზანს მხარს უჭერენ „რადიკალური და ექსტრემისტული“ ორგანიზაციები და ჯგუფები, რომელთა დიდი უმრავლესობაც, მისი თქმით, უცხოური წყაროებიდან ფინანსდება.
კობახიძის თქმით, აქციის მიზანი არაკონსტიტუციურია და მისი აღსრულების ნებისმიერ მცდელობას სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია მიეცემა. მან დასძინა, რომ აქციის მონაწილეების მიერ ჩადენილ ნებისმიერ ძალადობას ძალიან მკაცრი სისხლის სამართლებრივი რეაგირება მოყვება.
„მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას და სხვა გაერთიანებას, ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო, ქმედითად გაემიჯნონ შეკრებას, რომლის მიზანი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლაა”, – განაცხადა კობახიძემ. “არავის ვურჩევთ, გარისკოს და დაუპირისპირდეს სახელმწიფო სისტემას და კანონს, რომლისგანაც ყველა სამართალდამრღვევი უმკაცრეს პასუხს მიიღებს”.
This post is also available in: English