საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 3 ოქტომბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერში წლიური ინფლაცია 4.8% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 0.5%-ით გაიზარდა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (11.9%-იანი ზრდა); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (4.1%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (2.1%-იანი კლება).
რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (4.2%-იანი ზრდა); განათლება (2.6%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (1.4%-იანი ზრდა); კავშირგაბმულობა (4.7%-იანი კლება).
რაც შეეხება სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფს, ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (3.4%), ზეთი და ცხიმი (2.4%), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.3%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.6%), ყავა, ჩაი და კაკაო (1.4%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.0%), პური და პურპროდუქტები (0.5%). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-0.7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.3%).
This post is also available in: English