ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფი მოლდოვაში არ შეუშვეს

სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედმა“ განაცხადა, რომ მისი გადამღები ჯგუფი, რომელიც 28 სექტემბერს მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნების გაშუქებას გეგმავდა, ქვეყანაში არ შეუშვეს.

„ჩვენი ჟურნალისტი და ოპერატორი კიშინეუში არჩევნების გასაშუქებლად არ შეუშვეს. აეროპორტში 5 საათიანი დაყოვნების შემდეგ, გადამღები ჯგუფი გამგზავრების დარბაზში გადაიყვანეს. მიუჩინეს მეთვალყურეები და იმასაც არ ეუბნებიან, როდის მიეცემათ სამშობლოში დაბრუნების საშუალება“, – განაცხადა გადაცემა „იმედის კვირამ“ 26 სექტემბერს.

„არ აძლევენ ტელეფონით სარგებლობის შესაძლებლობას, უზღუდავენ გადაადგილებას, ჩამორთმეული აქვთ პასპორტები და დოკუმენტაცია. ერთადერთი, რაც უთხრეს, არის ის, თითქოს მათ არ ჰქონდათ დადასტურებული საცხოვრებელი ადგილის, მატერიალური უზრუნველყოფისა და ქვეყანაში შესვლის მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც სიცრუეა, რადგან „იმედის კვირის“ ჟურნალისტებს ყველა საჭირო დოკუმენტი თან აქვთ“, – ნათქვამია გადაცემის განცხადებაში.

„ევროპულ დემოკრატიად შერაცხულ მოლდოვაში ჩასული ,,იმედის კვირა“ პირდაპირ დსთ-ში აღმოჩნდა“, – აცხადებს არხი. „მოლდოვაში კვირას საპარლამენტო არჩევნებია და სწორედ საარჩევნო პროცესის გადასაღებად გაემგზავრა „იმედის კვირა“. ასეთია დემოკრატია მოლდოვურად და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის „ევროპული“ სტანდარტი“.

This post is also available in: English

Exit mobile version