მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვიდა

„ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 25 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 80-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მხარი დაუჭირა „მრავალპოლუსიან საერთაშორისო წესრიგზე“ გადასვლას, შეაქო საქართველოს „პრაგმატული საგარეო პოლიტიკა“, ხაზი გაუსვა ქვეყნის პოზიციას შუა დერეფანში და „ულტიმატუმების, შანტაჟის ან დაშინების ენით“ საუბრის წინააღმდეგ გააფრთხილა.

ყაველაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს როლზე სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში, მიესალმა დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივებს და ხაზი გაუსვა ქვეყნის, როგორც შუა დერეფნის მარშრუტის გასწვრივ ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ხიდის როლს.

„იქიდან გამომდინარე, რომ მშვიდობის მნიშვნელობას სიღრმისეულად ვაცნობიერებთ, საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ტრანსფორმაციაში და ცდილობს ის კონფლიქტების რეგიონის ნაცვლად, ცივილიზაციათა დიალოგისა და ეკონომიკური კეთილდღეობის სივრცედ აქციოს“, – განაცხადა ყაველაშვილმა და მიესალმა ტრამპის სამშვიდობო ინიციატივას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ისევე როგორც მის ძალისხმევას, „მალე დასრულდეს რუსეთ-უკრაინის სისხლისმღვრელი ომი“.

მან აღნიშნა, რომ ქვეყანა მზადაა ნებისმიერ დიალოგისთვის, თუმცა ამავდროულად ღირსეულ დამოკიდებულებას მოითხოვს.  

„ჩვენ, ღია ვართ ნებისმიერი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ამავდროულად ვითხოვთ პატივისცემას, სამართლიან და ღირსეულ დამოკიდებულებას. რასაც ქართველი ხალხი არ შეეგუება, ესაა ულტიმატუმების, შანტაჟისა და დაშინების ენით საუბარი“,- აღნიშნა ყაველაშვილმა.

ოკუპაციაზე საუბრისას ყაველაშვილმა თავი აარიდა რუსეთის ხსენებას: „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპაციის ქვეშ რჩება, ჩვენ დიდი ენერგიითა და შემართებით ვაგრძელებთ განვითარებასა და წინსვლას“, – განაცხადა მან.

მან საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მყოფ „აფხაზ და ოს ძმებსა და დებს“ მიმართა: „ჩვენი ვალია, რომ ერთობლივი ძალისხმევით გადავლახოთ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებები, აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდები, წარსული წყენები კი, როგორც გამორჩეულად სულგრძელმა ხალხმა, წარსულს მივაბაროთ“.

„ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის „ურყევი მხარდაჭერისთვის“ და „მრავალპოლუსიან საერთაშორისო წესრიგზე“ გადასვლის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ ვცხოვრობთ გარდამავალ ეპოქაში, სადაც ჯერ კიდევ ბუნდოვანია, თუ როგორი იქნება მომავალი საერთაშორისო წესრიგი. გაერთიანებულმა ერების ორგანიზაციამ, უნდა უზრუნველყოს ჩვენი პლანეტის ტრანზიცია, მშვიდობიან, სტაბილურ და სამართლიან, მრავალპოლუსიან საერთაშორისო წესრიგზე“, – განაცხადა მან. „არსებული რეალობა ჩვენგან მოითხოვს, რომ რთულ საკითხებს თვალი გავუსწოროთ და დავიწყოთ ღია, პრაგმატული და შედეგებზე ორიენტირებული დიალოგი. ვფიქრობ, მხოლოდ ასე შევძლებთ საერთო გლობალური გამოწვევების დაძლევას და ახალი შესაძლებლობების გახსნას ჩვენი ქვეყნების, ხალხებისა და მომავალი თაობების სასარგებლოდ“.

This post is also available in: English

Exit mobile version