„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ჩინეთს სტუმრობს, სადაც გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმში მონაწილეობს. ფორუმი ქალაქ ლიანიუნგანგში იმართება.
ვიზიტის ფარგლებში გელაძე საზოგადობერივი უსაფრთხოების მინისტრ ვანგ სიაოხუნგს შეხვდა. შსს-ს მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. „გეკა გელაძემ და ვანგ სიაოხუნგმა დარგობრივ რეფორმებზე, მიმდინარე პროექტებზე, საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება“, – ნათქვამია პრესრელიზში.
ამავე პრესრელიზის თანახმად, ქართულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, რომ აქტიურად გააგრძელოს მუშაობა ჩინელ კოლეგებთან ერთად, რათა „თანამშრომლობის არსებული მექანიზმები კიდევ უფრო მოქნილი და ეფექტიანი გახდეს“.
This post is also available in: English